გერმანელი პენსიონერები, მუშაობის შემთხვევაში, თვეში 2000 ევროს ოდენობის ანაზღაურერბას მიიღებენ
გერმანელები, რომლებიც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მუშაობას გადაწყვეტენ, ყოველთვიურად 2000 ევრომდე ანაზღაურებას გადასახადების გარეშე მიიღებენ. ამის შესახებ Financial Times (FT) წერს.
- ეს კანცლერ ფრიდრიხ მერცის გეგმის ნაწილია, რომელიც მუშახელის დეფიციტის მოგვარებასა და ეკონომიკის აღორძინებას ისახავს მიზნად. კანონპროექტის თანახმად, ეს ღონისძიება 1 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში და ბიუჯეტს ყოველწლიურად, მთავრობის გაანგარიშებით, 890 მლნ ევრო დაუჯდება.
საგადასახადო შემოსავლებში წელიწადში 890 მლნ ევროს ოდენობის ეს სავარაუდო დეფიციტი ეკონომისტების მოლოდინის ქვედა ზღვარია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა შესაძლოა, ამ შეღავათის მიმღებთა დიდ რაოდენობას არ მოელის.
ე.წ. აქტიური საპენსიო გეგმა, რომელიც მერცის საარჩევნო დაპირება იყო, სოციალ-დემოკრატებთან მისი კოალიციის მიერ, სავარაუდოდ, 15 ოქტომბერს დამტკიცდება. კოალიციის მიზანი გერმანიაში დაბერებული სამუშაო ძალის გავლენის შემსუბუქებაა, რადგან სამწლიანი სტაგნაციის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს განიცდის.
„გერმანიის შრომის ბაზარი დემოგრაფიული ცვლილებების გამო სტრუქტურული გამოწვევების წინაშე დგას. მომდევნო წლებში “ბეიბი-ბუმერების” თაობა თანდათან პენსიაზე გავა, ხოლო ახალგაზრდობა სულ უფრო მეტად შედის შრომის ბაზარზე. ეს ბევრ სექტორში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს იწვევს,“ - წერია კანონპროექტში.
გერმანიაში, ისევე, როგორც ევროპის უმეტეს ქვეყანაში პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობა დაშვებულია და მის მიმზიდველობას ოფიციალური ბერლინი საგადასახადო შეღავათების მეშვეობით ცდილობს.
გერმანია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე დგას. კერძოდ, 2035 წლისთვის 4.8 მლნ მუშაკი, რაც სამუშაო ძალის 9%-ს შეადგენს, პენსიაზე გავა. ეს, FT-ის შეფასებით, ქვეყნის სოციალურ სისტემასა და ეკონომიკაზე ზეწოლას მოახდენს.
კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო შეღავათები, ასევე, ხელს შეუწყობს „კომპანიებში გამოცდილებისა და ცოდნის უფრო დიდხანს შენარჩუნებას“ და „დასაქმების საერთო ზრდას გამოიწვევს, რაც ეკონომიკისა და სახელმწიფო შემოსავლების ზრდას განაპირობებს.“