სად იყო ედემის ბაღი? - არქეოლოგები აცხადებენ, რომ შესაძლოა მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს
არქეოლოგებმა სატელიტური ტექნოლოგიებისა და ძველი ტექსტების გამოყენებით ედემის ბაღის სავარაუდო ადგილმდებარეობა დაადგინეს. საკამათო თეორიის თანახმად, ბიბლიური ბაღი სპარსეთის ყურის ფსკერზე მდებარეობდა, რაც დიდი ხნის განმავლობაში არსებულ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს.
როგორც გამოცემა Dailygalaxy წერს, საუკუნეების განმავლობაში ედემის ბაღი მითსა და რეალობას შორის ბუნდოვან ზღვარზე არსებობდა. თუმცა, არქეოლოგიისა და ტექნოლოგიების სფეროში მიღწეულმა ბოლოდროინდელმა პროგრესმა ახალი სიცოცხლე შესძინა მარადიულ კითხვას: არსებობდა თუ არა ედემი სინამდვილეში და სად იყო ის?
ეს საკითხი ახალი სატელიტური კვლევებისა და ბიბლიური გეოგრაფიის ახლებური ინტერპრეტაციების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა. მეცნიერები, მათ შორის არქეოლოგი იურის ზარინსი, ვარაუდობენ, რომ ედემის ბაღი იქ მდებარეობდა, სადაც ახლა სპარსეთის ყურის ფსკერია.
აღნიშნული თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება რეალური იყოს.
"დაბადების“ 2:10-14-ის მიხედვით, ედემს ერთი მდინარე რწყავდა, რომელიც შემდეგ ოთხად იყოფოდა: ტიგროსი, ევფრატი, ფიშონი და გიჰონი. თუკი ტიგროსი და ევფრატი ყველასთვის ცნობილია, დანარჩენი ორი მდინარე ამოუცნობი რჩება. ბიბლიური არქეოლოგი ჯეიმს საუერი ვარაუდობს, რომ ფიშონი შესაძლოა ვადი-ელ-ბატინს შეესაბამებოდეს, რომელიც ახლა დამშრალი მდინარეთა სისტემაა. ეს თეორია, რომელიც სატელიტური სურათებით დასტურდება, ოდესღაც აქტიურ მდინარეთა კალაპოტებს ავლენს, რომლებიც უდაბნოს ქვიშის ქვეშაა დაფარული. ზარინსი და სხვა მკვლევრები გიჰონს ირანის მდინარე კარუნს უკავშირებენ.
ჯოზეფ მოქსონის მიერ 1690 წელს შექმნილი რუკა, სახელწოდებით „სამოთხე ანუ ედემის ბაღი“. ამ რუკაზე ედემის ბაღი მდებარეობს მარჯვნივ, ასირიის მიწაზე. არქეოლოგების ვარაუდით, ედემის ბაღის ნამდვილი ადგილმდებარეობა მესოპოტამიაში, მდინარეების, ტიგროსისა და ევფრატის მახლობლადაა.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი თანამედროვე თეორია ედემის ძიებას უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის ბოლოს კლიმატის ცვლილებასთან აკავშირებს. იურის ზარინსი ვარაუდობს, რომ მყინვარების დნობამ ზღვის დონე მკვეთრად აწია, დატბორა ოდესღაც ნაყოფიერი მიწები, რომლებიც ახლა სპარსეთის ყურის ფსკერზეა დამარხული.
სატელიტური რადარის გამოსახულებების გამოყენებით, ზარინსმა მდინარის კალაპოტები აღმოაჩინა, რომლებიც ცენტრალურ და სამხრეთ არაბეთზე გადიოდა და ყურეში ჩაედინებოდა. თუ ეს მონაცემები ზუსტია, ედემი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა, სადაც ოდესღაც ოთხი მდინარე ერთდებოდა.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ედემი იდეალიზებულ სამყაროდ იყო წარმოდგენილი, რომელიც უმანკოებისა და მორალური პასუხისმგებლობის თემებს ასახავს.