რამდენი ომი დაასრულა სინამდვილეში პრეზიდენტმა ტრამპმა?
ცდილობს რა დაასრულოს რუსეთ–უკრაინის ომი, დონალდ ტრამპი ყოველთვის ხაზს უსვამს თავის წარმატებებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც, მისი თქმით, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებისთანავე დაიწყო.
მორიგი განცხადება ტრამპმა ორშაბათს, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე გააკეთა.
“მე დავასრულე ექვსი ომი… ყველა ეს შეთანხმება ისე დავდე, რომ სიტყვა “ზავიც“ კი არ მიხსენებია“, - განაცხადა მან.
მომდევნო დღეს, ომების რაოდენობა, რომლებიც, ტრამპის აზრით, მან დაასრულა, უკვე შვიდამდე ავიდა.
ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხანია აცხადებს, რომ შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებს, მათ ის “ომებიც “ აქვთ ჩამოთვლილი, რომლებიც თითქოსდა ტრამპის ძალისხმევით დასრულდა.
BBC-ის ფაქტების გადამმოწმებელმა განყოფილებამ, დეტალურად განიხილა აღნიშნული კონფლიქტები და სცადა გაერკვია, რამდენად შეიძლება ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს მათი შეწყვეტა მიეწეროს.
ისრაელი და ირანი
12-დღიანი კონფლიქტი, 13 ივნისს ისრაელის მიერ ირანის ობიექტებზე იერიშის მიტანით დაიწყო.
ტრამპმა დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუმ წინასწარ გააფრთხილა კამპანიის დაწყების შესახებ.
თავის მხრივ ირანის ბირთვულ ობიექტებს აშშ-მაც დაარტყა, რასაც ბევრი ომის დასასრულისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
23 ივნისს ტრამპმა Truth Social-ში დაწერა:
"ოფიციალურად, ირანი იწყებს ცეცხლის შეწყვეტას, 12 საათში ამას ისრაელიც შეუერთდება, და 24 საათში მსოფლიო ოფიციალურად მიესალმება 12-დღიანი ომის დასრულებას“.
საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ აიათოლა ალი ხამენეიმ თავის ქვეყანა “გამარჯვებულად “ გამოაცხადა და ცეცხლის შეწყვეტა არც კი უხსენებია.
ისრაელი აცხადებს, რომ ხელახალი საფრთხის შემთხვევაში იერიშები კვლავ განმეორდება.
ამრიგად ანალიტიკოსები თქმით, საქმე უფრო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან გვაქვს, ვიდრე “ ომის დასრულებასთან“, თუმცა უნდა აღინიშნოს ,რომ ისრაელის საშუალებით ირანის დასუსტებაში ტრამპს დიდი წვლილი მიუძღვის.
პაკისტანი და ინდოეთი
ორი ბირთვული სახელმწიფოს შორის დაძაბული ურთიერთობა ათეული წლებია გრძელდება. მაისში სამხედრო მოქმედებები კვლავ განახლდა, როდესაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირზე განხორციელდა იერიშები.
ოთხდღიანი დაბომბვის შემდეგ, ტრამპმა დაწერა, რომ ინდოეთი და პაკისტანი "სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე“ შეთანხმდნენ და ეს მისი განცხადებით “აშშ-ს შუამავლობით გამართული ღამის მოლაპარაკებების“ შედეგი იყო.
პაკისტანმა მადლობა გადაუხადა ტრამპს და მოგვიანებით ნობელის მშვიდობის პრემიაზეც კი წარადგინა, ინდოეთმა შედარებით ფრთხილი განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მოლაპარაკებები არსებული სამხედრო არხებით მიმდინარეობდა.
რუანდა და კონგო (დემოკრატიული რესპუბლიკა)
ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივმა მტრობა შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა, როდესაც წლის დასაწყისში, M23-ის სახელით ცნობილმა აჯანყებულთა დაჯგუფებამ კონგოს აღმოსავლეთით წიაღისეულით მდიდარი ტერიტორიის აღება შეძლო. იხილეთ სრულად