"ვჭამდით თაგვებს, ტუალეტის ქაღალდს, ლოკოკინებს, ჭიებს...“- რას იხსენებს კუნძულ ზმეინის დამცველი რუსეთში ტყვეობაზე? | Allnews.Ge

"ვჭამდით თაგვებს, ტუალეტის ქაღალდს, ლოკოკინებს, ჭიებს...“- რას იხსენებს კუნძულ ზმეინის დამცველი რუსეთში ტყვეობაზე?

ვლად ზადორინი - უკრაინის არმიის ყოფილი საზღვაო ქვეითი და კუნძულ ზმეინის დამცველი, საუბრობს ტყვეობაში გატარებულ 679 დღეზე, რომელიც სავსე იყო წამებით, შიმშილით, რუსიფიკაციითა და... ФСБ-თვის ზღაპრების კითხვით, რომლის მიზანი რუსული ხომალდის შესახებ ნათქვამი ცნობილი უხამსი ფრაზის ავტორის დადგენა იყო.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, უკრაინელმა საზღვაო ქვეითმა ვლადისლავ ზადორინმა რუსეთის ტყვეობაში, 80 თანამებრძოლთან ერთად, 679 დღე გაატარა. ზადორინი მსახურობდა კუნძულ ზმეინიზე მდებარე გარნიზონში, რომლის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ომის პირველ დღეს რუსული ხომალდის მოწოდებას დანებებულიყვნენ, უპასუხა რადიოეთერში წარმოთქმული ფრაზით: „რუსულო სამხედრო ხომალდო, წადი ***-ზე“ ("Русский военный корабль, иди на х*й").

რუსულ ტყვეობაში ზმეინის ჯარისკაცები შეეჯახნენ არა მხოლოდ შიმშილს, ცემას და აბუჩად აგდებას, არამედ აუდიო შემოწმებასაც, რომლის დახმარებითაც რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობდნენ ცნობილი ფრაზის ავტორის დადგენას.

თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ მოხერხდა ვლადისლავ ზადორინის გაცვლა. საზღვაო ქვეითი უკრაინაში 2024 წლის იანვარში დაბრუნდა და ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ Globsec-ის კონფერენციაში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომს დაეთმო. კონფერენციის კულისებში ზადორინმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტს მოუთხრო ტყვეობაში გატარებულ დღეებსა და იმაზე, თუ როგორ უწევდა ФСБ-თვის საბავშვო ზღაპრების კითხვა და აუდიოჩანაწერების კეთება.

images-1751350166.jpg

„რვაჯერ წამიყვანეს შემოწმებაზე: საბავშვო ზღაპრები მომცეს წასაკითხად“„რუსულო სამხედრო ხომალდო, წადი ***-ზე!“ - ეს ფრაზა უკრაინელმა მესაზღვრემ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიდან წარმოთქვა მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსული სამხედრო ხომალდიდან რადიოთი მიღებული კაპიტულაციის მოთხოვნის საპასუხოდ.

ამ სიტყვებმა, რომლებიც სწრაფად გავრცელდა ვირუსულად, გააჩინა მემები, წარწერები მაისურებზე, სიმღერები და საფოსტო მარკებიც კი. უკრაინელებისთვის ეს იყო ეროვნული დაუმორჩილებლობის მნიშვნელოვანი და ძლიერი სიმბოლო რუსული შეჭრის წინაშე. სახალხო წინააღმდეგობის კედელმა დაამსხვრია ფართოდ გავრცელებული მოლოდინები, მათ შორის კრემლში, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში ან კვირაში დაეცემოდა.

„მოგვცეს 8-11 კლასის რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოები", - იხსენებს ყოფილი ტყვე, - "გამოცდები უნდა ჩაგვებარებინა ზედამხედველებისთვის. სრულად გაყალბებულ ისტორიას გვაკითხებდნენ. მაგალითად, ყირიმის ანექსიაზე ეწერა, რომ რეფერენდუმმა აჩვენა ერთსულოვნება, რომ არავის უნდოდა უკრაინის შემადგენლობაში ყოფნაო. კურილის კუნძულებზე ეწერა, რომ ძირძველი რუსული ტერიტორიაო. ყველაფერი დამახინჯებული იყო. გვაიძულებდნენ ამ ყველაფრის დაზეპირებას. ეს იყო რუსიფიკაციის ერთ-ერთი ელემენტი. იგივე გოგოლი, რომელიც მოგვიანებით მოგვცეს წასაკითხად: „ვიი“, „ტარას ბულბა“... ისე მოგვეწოდებოდა, თითქოს კაზაკები რუსეთის ჯარების ნაწილი იყვნენ. გვასწავლიდნენ, რომ ოდესა დააარსეს რუსებმა, ისევე როგორც კიევი. თუმცა მსოფლიო ისტორია გვეუბნება, რომ მოსკოვია შეიქმნა კიევის რუსეთისგან, დოლგორუკისგან. რატომ ასწავლიან სკოლებში ამას? ჩემი დასკვნა ასეთია: მათი პროპაგანდა მუშაობს ძალიან ეფექტიანად, განსაკუთრებით ახალ თაობაში. ყველაზე სასტიკი ზედამხედველები, კოლონიის თანამშრომლები, ყველაზე ახალგაზრდები იყვნენ, 30 წლამდე. იცით, რატომ იყვნენ ყველაზე სასტიკები? იმიტომ, რომ პუტინის პროპაგანდაზე არიან გაზრდილები. მთელი ცხოვრება ამას ისმენენ. შედარებით უფროსები ცოტას გვირტყამდნენ, აბუჩადაც ნაკლებად გვიგდებდნენ. ახალგაზრდები პირიქით: სექსუალური ძალადობა, მორალური განადგურება... - ყველაფერ ამას ისინი აკეთებდნენ“. სრულად იხილეთ ბმულზე