„რთული სათქმელია, საით წავა მიგრაციული ტალღა“ - რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს საქართველოზე | Allnews.Ge

„რთული სათქმელია, საით წავა მიგრაციული ტალღა“ - რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს საქართველოზე

თუ მოსახლეობა დაიწყებს ირანის დატოვებას, ასეთ შემთხვევაში, რთული სათქმელია, რა მიმართულებით წავა მიგრაციული ტალღა - აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და არ გამორიცხავს, რომ მათი ნაწილი საქართველოშიც მოხვდეს. როგორც ბატიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, „უსაფრთხოების საბჭოს უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული უსაფრთხოებისა და მიგრაციული ნაკადების მართვისთვის საჭირო გეგმა და იმის მიხედვით უნდა მოქმედებდეს“.

ცნობისათვის, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი გრძელდება. მოლოდინების ფონზე, წინა კვირას მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა. ორშაბათს ფასები მცირედით არის დაკორექტირებული. მაგალითად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 15:00 საათის მონაცემებით, ბარელზე 71.89 დოლარს შეადგენს (-1.49%), ხოლო BRENT-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 73.26 დოლარით (-1.31%) არის განსაზღვრული.

გარდა ამისა, ინვესტორები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებას შესაძლოა, თან ახლდეს ნავთობის მიწოდების შეზღუდვა, რაც განპირობებული იქნება საზღვაო მარშრუტების ბლოკირებით ან მათზე თავდასხმით. შედეგად გაიზრდება გადაზიდვის დაზღვევის პრემია და საბოლოოდ აისახება სამომხმარებლო ფასებზე.

ამასთანავე, გარდა ნავთობის ფასის ზრდისა, გაჩნდა მოლოდინები, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაგრძელებამ და ვითარების გამწვავებამ შესაძლოა, ირანიდან მიგრაციული ნაკადების გააქტიურება გამოიწვიოს.

ამ ფონზე საინტერესოა, როგორი იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ეფექტი საქართველოზე. „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების გავლენა საქართველოზე შესაძლოა, იყოს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი.

კერძოდ, ერთი მხრივ, კონფლიქტის გაგრძელება-გამწვავების პარალელურად ნავთობის გლობალური ფასის ზრდა, ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც. ხოლო მეორე მხრივ ირანის მოქალაქეების შესაძლო მიგრაცია, საქართველოსთვის გამოწვევაა.

„ისრაელ-ირანის კონფლიქტისთვის მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, ამიტომ მოკლე პერიოდში ვერ დასრულდება. რაც შეეხება საქართველოზე ამ კონფლიქტის ეფექტს, აქ შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა. არაპირდაპირი შეძლება იყოს ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანმა სპარსეთის ყურე გადაკეტა და ნავთობზე ფასები გაიზარდა მსოფლიო ბაზარზე, ეს აისახება საქართველოზეც. პირდაპირ გავლენა შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი დაბომბავს ირანის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურასა და ისეთ სექტორებს, რომელზეც დგას ირანის ეკონომიკა და მოსახლეობა დაიწყებს ირანის დატოვება. ასეთ შემთხვევაში, რთული სათქმელია, რა მიმართულებით წავა მიგრაციული ტალღა; ისიც არ ვიცით, რაოდენობრივად რამდენი ადამიანი შეიძლება მოვიაზროთ ამ მიგრაციულ ტალღაში - ეს რთულად განსასაზღვრია, რადგან ირანის მოსახლეობა 93 მილიონს შეადგენს. იხილეთ სრულად