"ევროვიზიის" პირველი ნახევარფინალი და სელინ დიონის მიმართვა - რა შანსები აქვს მარიამ შენგელიას და ვინ მიიჩნევა ფავორიტად?
13 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში"ევროვიზიის" პირველი ნახევარფინალი გაიმართა.
საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია სიმღერით "Freedom" მაყურებლის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალზე წარდგება. არსებული პროგნოზებით, ის შესაძლოა გავიდეს ფინალში, თუმცა ათეულში გასვლის შანსი ნაკლებად აქვს. ექსპერტები მარიამის ყველაზე ძლიერ მხარედ ვოკალურ შესაძლებლობებს მიიჩნევენ. თვითონ სიმღერას კი საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ.
სამშაბათს, ნახევარფინალში სულ 15 ქვეყანა იბრძოდა, რომელთაგან ფინალში ნორვეგია, ალბანეთი, შვედეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, სან-მარინო, ესტონეთი, პორტუგალია და უკრაინა გავიდნენ.
კონკურსი კი დატოვეს: აზერბაიჯანმა, ბელგიამ, კვიპროსმა, ხორვატიამ და სლოვენიამ.
ფინალი გაიმართება 17 მაისს. წლევანდელი კონკურსის ფავორიტად მიიჩნევა შვედური ჯგუფს KAJ - ს სიმღერა, "Bara Bada Bastu" ("მოდი, საუნაში შევიდეთ"),
თუ შვედეთმა მართლაც მოახერხა გამარჯვება, ეს ამ ქვეყნის მე-8 გამარჯვება იქნება, რაც ნიშნავს, რომ ის გახდება ამ კონკურსის უპირობო რეკორდსმენი.
პირველი ნახევარფინალისას ცნობილმა კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა კონკურსის მონაწილეებს სიტყვით დისტანციურად, ვიდეო ჩანაწერით მიმართა.
ვარსკვლავმა, რომელმაც კონკურსში 1988 წელს, შვეიცარიის სახელით გაიმარჯვა, აღნიშნა:
"ძალიან გამიხარდებოდა თქვენთან ერთად ყოფნა. შვეიცარია სამუდამოდ რჩება ჩემს გულში. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც ჩემში ირწმუნა და მომცა შანსი, ასეთი საოცარი მოვლენის ნაწილი ვყოფილიყავი."
დიონის მიმართვა ცერემონიის ინტერვალის დროს გაუშვეს, როდესაც ხმებს ითვლიდნენ. მისი "ევროვიზიაზე" გამოჩენის მოლოდინი 2024 წლის "ევროვიზიის" შემდეგ, შვეიცარიელი მომღერლის, ნემოს გამარჯვების გამო გაჩნდა. ვიდეოში დიონმა აღნიშნა, რომ ძალიან ემოციური იყო, როდესაც ახალგაზრდა მომღერალმა ჯილდო აღმართა. დიონმა მისი 1988 წლის გამარჯვებაც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ ამ მომენტმა მისი ცხოვრება შეცვალა. იხილეთ სრულად