"აქ არაფერია ჭკვიანური, ან სასაცილო, ბატონო პრეზიდენტო, ნუ დაგვცინით... მას სიამოვნებს კლოუნობა" - ტრამპს მწვავედ აკრიტიკებენ, ფოტოს გამო, სადაც ის პაპად არის წარმოდგენილი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კათოლიკეთა ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში - ფოტოზე დონალდ ტრამპი რომის პაპად არის წარმოდგენილი.
ფოტო პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში იმ დროს, როდესაც კათოლიკეები პაპ ფრანცისკეს გლოვობენ და ახალი პაპის არჩევისთვის ემზადებიან.ნიუ იორკის შტატის კათოლიკურმა კონფესიამ ტრამპი რწმენის დაცინვაში დაადანაშაულა. პოსტი გავრცელდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ტრამპმა ჟურნალისტებთან იხუმრა და თქვა: "მინდა, პაპი ვიყო".
ვატიკანის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე უარი თქვა ტრამპის პოსტთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთებაზე.
სამაგიეროდ, ტრამპის ეს ქმედება მკაცრად გააკრიტიკა ნიუ იორკის კათოლიკურმა კონფესიამ:"ამ ფოტოში არაფერია ჭკვიანური, ან სასაცილო, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ახლახან დავკრძალეთ ძვირფასი პაპი ფრანცისკე და ახლა კარდინალები ახალი პაპის ასარჩევად ემზადებიან. ნუ დაგვცინით", - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. აღნიშნული პოსტის გამო ტრამპი ასევე გააკრიტიკა იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ.
"ეს არის სურათი, რომელიც შეურაცხყოფს მორწმუნეებს, შეურაცხყოფს ინსტიტუციებს და აჩვენებს, რომ მემარჯვენე სამყაროს ლიდერს სიამოვნებს კლოუნობა", - წერს რენცი X-ზეკრიტიკას უპასუხეს თეთრ სახლში:
"პრეზიდენტი ტრამპი იტალიაში ჩაფრინდა, რათა პატივი მიეგო პაპ ფრანცისკესთვის და დასწრებოდა მის დაკრძალვას. ის კათოლიკეებისა და რელიგიური თავისუფლების ერთგული დამცველი იყო“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა.