ტუტანჰამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ პირველად, ეგვიპტეში კიდევ ერთი ფარაონის აკლდამა აღმოაჩინეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა?
ტუტანჰამონის საფლავის აღმოჩენის შემდეგ პირველად, ეგვიპტოლოგებმა კიდევ ერთი ფარაონის საფლავი აღმოაჩინეს.
მედიის ინფორმაციით, აღმოჩენილია მეფე თუტმოს II-ის საფლავი.ბრიტანელი და ეგვიპტელი მეცნიერებისგან შემდგარმა გუნდმა ის ქალაქ ლუქსორის მახლობლად, თებეს ნეკროპოლის დასავლეთ ხეობებში იპოვა.
მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტის მე-18 დინასტიის ფარაონების სამარხები ამ ადგილიდან 2 კილომეტრზე მეტი მანძილით იყო დაშორებული და ე.წ. მეფეთა ველთან უფრო ახლოს იყო.
ჯგუფმა ის აღმოაჩინა ტერიტორიაზე, რომელიც აქამდე დინასტიის წევრი ქალების განსასვენებელ ადგილებთან იყო ასოცირებული, მაგრამ როდესაც სამარხში შევიდნენ, ნახეს, რომ ის მოხატული იყო, რაც მიუთითებდა, რომ სინამდვილეში ფარაონის საფლავს მიაკვლიეს. "სამარხის ჭერის ნაწილი კვლავ ხელუხლებელი იყო: მეცნიერებს დახვდათ ლურჯად შეღებილი ჭერი ყვითელი ვარსკვლავებით. ასეთი ჭერი მხოლოდ ფარაონების აკლდამებში გვხვდება", - განაცხადა მისიის საველე ხელმძღვანელმა, დოქტორმა პირს ლიზერლენდმა.
"ასეთი რამეების აღმოჩენისას პირველი ემოცია უბრალოდ, უკიდურესი გაოგნებაა, რადგან როდესაც აწყდები რაღაცას, რის პოვნასაც არ ელოდი, ეს ძალიან ამაღელვებელია. როდესაც გამოვედი, ჩემი მეუღლე გარეთ მელოდებოდა და ერთადერთი, რაც შევძელი, ტირილის დაწყება იყო", - იხსენებს მკვლევარი BBC-სთან.
დოქტორმა ლიზერლენდმა განაცხადა, რომ აღმოჩენამ პასუხი გასცა კითხვას, თუ სად მდებარეობს მე-18 დინასტიის ადრეული ფარაონების აკლდამები.
თუტმოს II ტუტანჰამონის წინაპარი იყო, რომლის მმართველობაც სავარაუდოდ ძვ.წ. 1493-დან 1479 წლამდე გრძელდებოდა. ტუტანჰამონის საფლავი ბრიტანელმა არქეოლოგებმა 1922 წელს აღმოაჩინეს. იხილეთ სრულად