რისთვის სჭირდება ტრამპს გრენლანდია, რომლის 80% ყინულით არის დაფარული და რა არის კუნძულის ფასი
დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვა ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს სცადა, თუმცა მაშინ დანიამ გაყიდვაზე უარი განაცხადა. ტრამპი ამ იდეას თეთრ სახლში დაბრუნებამდე ისევ მიუბრუნდა - ამჯერად მუქარით.
"ის ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება" - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ შესაძლოა, მან დანიას მაღალი ტარიფები დაუწესოს."ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. ხალხმა ნამდვილად არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის". - თქვა ტრამპმა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პლანეტის უდიდესი კუნძულის სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობა მხოლოდ გაიზარდა. ეს ყველაფერი გლობალური დათბობის, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის და ჩინეთის სამხედრო და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების შედეგია.
რით არის მდიდარი გრენლანდია?
კუნძულის ტერიტორიის 80%-ზე მეტი ყინულით არის დაფარული. მოსახლეობა მხოლოდ 60 000 ადამიანს შეადგენს. მაგრამ გრენლანდია უამრავი სასარგებლო წიაღისეულითაა სავსე. მყინვარების დნობით კი მინერალების მოპოვება უფრო ადვილი ხდება.
გრენლანდიაში არის ნავთობი, ურანი და იშვიათი ლითონები: ნეოდიმი, პრაზეოდიმი, დისპროსიუმი და ტერბიუმი. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის.
ჩინეთმა დეკემბერში შეზღუდა ამერიკაში გალიუმის, გერმანიუმის და ანტიმონის მიწოდება, რომლებიც ფართოდ გამოიყენება თავდაცვის ინდუსტრიაში. შეერთებული შტატები არის პლანეტის უმდიდრესი ქვეყანა და ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი. ამ ტიტულის შესანარჩუნებლად, ტრამპის აზრით, გრენლანდიაა საჭირო.
კუნძულის მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. გრენლანდიის გავლით გადის უმოკლესი გზა ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკამდე. შეერთებულ შტატებს კუნძულზე სამხედრო ბაზა ჰქონდა სსრკ-სთან ცივი ომის შემდეგ. ატლანტის ოკეანის მონაკვეთი გრენლანდიას, ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის (ფარერ-ისლანდიის საზღვარი, ან GIUK) რუსეთსა და ევროპას შორის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში თავდაცვის მთავარი ხაზია.
რა ღირს გრენლანდია?
გრენლანდიის საბაზრო ფასის დადგენა ადვილი არ არის. თომას ჯეფერსონმა ლუიზიანა ფრანგებისგან მე-19 საუკუნის დასაწყისში, 15 მილიონ დოლარად იყიდა, ალასკა 7,2 მლნ დოლარად შეიძინეს. 1946 წელს, ტრუმენმა დანიას 100 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. გრენლანდიის ეკონომიკური და სტრატეგიული პოტენციალის გათვალისწინებით, ფასი შეიძლება რამდენჯერმე მაღალი იყოს. იხილეთ სრულად