რამ გამოიწვია ლოს ანჯელესში მასშტაბური ხანძარი და რატომ ვერ ხერხდება ცეცხლის ლოკალიზება?
ლოს ანჯელესში 7 იანვრის შემდეგ ხანძარს ებრძვიან. ხანძარმა უკვე იმსხვერპლა 10 ადამიანი, განადგურებულია 10 000-ზე მეტი ნაგებობა. საზოგადოებაში კი არაერთი კითხვა გააჩინა და უფრო მეტიც, არაერთი შეთქმულების თეორიის გაჩენის საბაბი გახდა.
ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება და უსწრაფესად მოედო მასშტაბურ არეალს. გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ თუ როგორ გამძლავრდა ხანძარი ასე სწრაფად და შეძლეს თუ არა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა სათანადო რეაგირება.
რამ გამოიწვია ხანძარი?
ხანძარი წყნარი ოკეანის პალისადებში გასულ სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო, მალევე გაჩნდა ხანძრის სხვა კერები ლოს ანჯელესის გარშემო, მათ შორის ხანძრის დიდი კერა გაჩნდა კალიფორნიის ქალაქ პასადენაში.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური პირების განცხადებით, განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს, მათ შორის, ცეცხლის განზრახ წაკიდების შესაძლებლობას. "როგორც კი გვექნება ინფორმაცია, ამას ყველას გაგიზიარებთ. ვიცი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ინტერესია“, - ამბობს ჟურნალისტებთან ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის უფროსი კრისტინ კროული.
ექსპერტების აზრით, ხანძარი გამოწვეულია გვალვით, ჰაერის მაღალი ტემპერატურით და ცეცხლი თავდაპირველად გაუჩნდა გამხმარ მცენარეულ საფარს, ხოლო ძლიერი ქარის გამო, ის სწრაფად გავრცელდა.
"იანვარია, მაგრამ სამხრეთ კალიფორნია კვლავ მშრალია, გვალვითა და მაღალი ტემპერატურით არის მოცული. ეს ყველაფერი შეგვიძლია განვიხილოთ კლიმატის ცვლილების კონტექსტში, არსებული კლიმატის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ასეთი ხანძრები. უნდა ვაღიაროთ რომ მსგავსი ხანძრები მომავალში უფრო ხშირი გახდება", - ამბობს პროფესორი, გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტი ჯეიკობ ბენდიქსი. იხილეთ სრულად