„სოციალური ქსელების მფლობელებს“ ვადამდელი არჩევნების ბედის გადაწყვეტის უფლებას არ მივცემთ"- ოლაფ შოლცი ილონ მასკს უპირსპირდება
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის ფონზე, ამომრჩევლებს მოუწოდა, არ მისცენ „სოციალური ქსელების მფლობელებს“ ვადამდელი არჩევნების ბედის გადაწყვეტის უფლება.
როგორც „გარდიანი“ იუწყება, საახალწლო მიმართვაში, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ „საით წავა გერმანია“ 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ. შოლცის თქმით, გერმანული საზოგადოების ბედი „დამოკიდებული იქნება ჭკვიანი და წესიერი ადამიანების უმრავლესობაზე“.
მან გერმანელებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ მანიპულაციებს და დაიცვან დემოკრატია. რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა გერმანულ გაზეთში გამოაქვეყნა საავტორო წერილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდასაჭერად. მასკის წერილის გამოქვეყნების გამო, გაზეთის საავტორო სტატიების განყოფილების რედაქტორმა, ევა მარი კოგელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.