რუსეთმა Google-ი $20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000-ით დააჯარიმა - "პლანეტაზე ამდენი ფული უბრალოდ არ არსებობს": რა გახდა მიზეზი?
რუსეთის ფედერაციის სასამართლომ, YouTube-ზე რუსული სახელმწიფო მედიის არხების შეზღუდვის გამო, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი ერთბაშად $20 დეცილიონით დააჯარიმა - დოლარის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ კომპანიას $20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000 გადახდა მოსთხოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ Google-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანიაა, ამ მოცულობის ჯარიმის გადახდას მაინც ვერ მოახერხებს. გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი სულ რაღაც $105 ტრილიონის ტოლია, რაც Google-ისთვის გამოწერილი ჯარიმაზე 190 კვინტილიონით ნაკლებია. მარტივად რომ ვთქვათ, პლანეტაზე ამდენი ფული უბრალოდ არ არსებობს.
Tass-ის ცნობით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ „ამ რიცხვის წარმოთქმაც კი არ შეუძლია“. მან "გუგლის" მენეჯმენტს ყურადღებისკენ მოუწოდა.
კომპანიას საჯარო კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
რუსული მედიასაშუალება RBC იუწყება, რომ ჯარიმა YouTube-ზე 17 რუსული მედია არხის კონტენტის შეზღუდვას უკავშირდება. რუსული არხების აკრძალვა Google-მა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, მაგრამ აკრძალული არხების სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როცა Google-მა სასამართლოსგან ანგარიშების აღდგენის ვალდებულება მიიღო, ის ცხრა თვეში უნდა აღესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დღეში 100,000 რუბლით დაჯარიმდებოდა. Google-მა ეს ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო ჯარიმა, ამ დროის მონაცემებით, $20 დეცილიონამდე გაიზარდა.