რაში დასჭირდა რუსეთს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები, რას ელის ამისგან კიმ ჩენ ინი და როგორ იმოქმედებს სამხრეთ კორეა? - უახლესი ამბები უკრაინის ფრონტიდან
The War Zone-სთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის აღმოსავლეთში მომზადებას გადის დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოკორეელი ქვეითი. ბრიუსელში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება ამოქმედდეს 10 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.
სამხრეთ კორეა თავის მხრივ იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ მუქარას წარმოადგენს და სეული ყოველი ხელმისაწვდომი საშუალებით მოახდენს რეაგირებას - ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ambebi.ge-სთან საუბარში განმარტავს, რა პრეცედენტთან გვაქვს საქმე - რაზე მიანიშნებს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომში და აქედან გამომდინარე, რა გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო.
- მართალია, რუსეთი უარყოფს, მაგრამ ბუდანოვის და ზელენსკის განცხადებით, 11 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი მზადაა ომში ჩართვისთვის. რას ცდილობს რუსეთი, ასე გაუჭირდა პროფესიონალი სამხედრო ძალის რესურსის მხრივ, თუ სხვა მიზანი აქვს? ან კიმ ჩენ ინს რა რჯის, რა ინტერესი აქვს?
- ამ ინფორმაციას აშშ-ც ადასტურებს და სამხრეთ კორეაც, რაც საკმარისი მტკიცებულებაა, რომ დავიჯეროთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ცდილობს ამ ომის მასშტაბის გაზრდას და სხვა ქვეყნების ჩართვის პრეცედენტს. მას თუ ყველაფერი ასე უბრალოდ შერჩა, შეიძლება ეს გულისხმობდეს შემდგომში სხვა ქვეყნების სამხედროების დახმარებასაც, როგორიც შეიძლება იყოს იგივე ვენესუელა, ირანი, ისეთი აგრესიული სახელმწიფოები, რომელთაც ცოცხალი მასა, ჯარი ჰყავს და მისი გამოყენება რუსეთს შეუძლია. თუმცა ბრიტანეთის პრემიერს კეი სტარმერს რომ დავესესხოთ, ის ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი იმ რეალობაზე მიანიშნებს, რომ რუსეთს გაუჭირდა პროფესიონალ სამხედროებში, რაც ფაქტია. ესეც ერთგვარი მინიშნებაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის საზარბაზნე ხორციც და კიდევ ერთი მძიმე ფაქტის მანიშნებელი, რომ შესაძლებელია ეს უკან დაბრუნებული გაწვრთნილი, მომზადებული ჩრდილოკორეელი სამხედროები შემდგომში გახდნენ ინსტრუქტორები საკუთარ ქვეყანაში, მოამზადონ დამატებითი ნაწილები და შემდგომში ისინი არა მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ, არამედ იმავე სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს ყველაფერი იმასაც გულისხმობს, რომ ჩრდილოეთ კორეა ყველანაირი სანქცირების რეჟიმიდან გამოვა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი მას ტექნოლოგიურ დახმარებასაც გაუწევს. ეს ყველაფერი კი უკვე იმას ნიშნავს, რომ ცივი ომის სტადიის ყველაზე მძიმე ეპოქაში შევდივართ, რა დროსაც მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური გადანაწილება ხდება და ამ პროცესში რუსეთი საკმაოდ აგრესიულ მეთოდებს მიმართავს. ეს არის ამის გლობალური განშტოება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არ არის მარტო უკრაინის საკითხი, ეს უფრო გლობალური მშვიდობისთვის საფრთხის შემცველია. ასევე, ხდება უკრაინაში მონაწილე სამხედროებისა და ქვეყნების რაოდენობრივი ზრდა - თუკი აქამდე ჩვენ ვხედავდით, რომ ამ პროცესში ყველა რუსი მონაწილეობდა, ახლა ომში პირდაპირ იწყებს მონაწილეობას ჩრდილოეთ კორეა, რაც ახალი პრეცედენტია შექმნილი.
- და თუკი ეს გლობალური მშვიდობისთვის საფრთხის შემცველია და პროცესში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან, რა გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო, მასშტაბური მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ხომ არა?
- შეიძლება მესამე მსოფლიო ომის მასშტაბზე იყოს, მაგრამ ეს უფრო სხვა რამეს მიანიშნებს, იმას, რომ ბევრი აგრესიული სახელმწიფო ავტოკრატიული რეჟიმითურთ ცდილობს საკუთარი სამხედროების გამოყენებას, გაწვრთნას, პრეცედენტების შექმნას, დასავლეთის პასუხის დატესტვას, თუ როგორი იქნება მისი პასუხი და შემდგომ ამ ყველაფრის გამოყენებას საკუთარი ლოკალური მიზნებისათვის (ისევე, როგორც რუსეთისაგან რიგი ტექნოლოგიების მიღებას, რომელსაც ისინი თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ). ზოგადად, ყველა აგრესიული მხარის ინტერესია, რაც შეიძლება მეტი კონფლიქტი იყოს მსოფლიოში, შესაბამისად, ნაკლებად ეცალოთ მისთვის. ჩრდილოეთ კორეისთვის სასურველია რუსეთი იყოს ჩართული აგრესიულ ომებში დასავლეთთან, რუსეთისთვის სასურველია, ჩრდილოეთ კორეა იყოს აგრესიული სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან მიმართებით, ჩინეთი ამით სარგებლობს იმიტომ, რომ ის ემუქრება ტაივანს... ანუ ეს არ არის ჯაჭვიდან ამოვარდნილი ერთ-ერთი რგოლი, არამედ ჩვეულებრივი ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც უპირისპირდება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ დასავლეთს. სწორედ ასე მინდა დავინახოთ ეს სურათი იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, თუკი ამას უკრაინის კონტექსტიდან შევაფასებთ, იმ რაოდენობის მობილიზაციის ფონზე, რომელიც რუსეთს ჰყავს (საუბარი მაქვს 170 ათას სამხედროზე, რომელიც რუსეთმა 1 მარტამდე უნდა გაიწვიოს), 11და 12 ათასი სამხედრო არ არის ძალიან დიდი, გაწვეულების სადღაც 5-6% გამოდის, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია გლობალური სურათის დანახვა, ამით გავიგებთ რეალურად, რომ სიტუაცია უკრაინაში არის პრეცედენტული - ბევრი პრეცედენტი იქმნება, რის სანაცვლოდ რიგი აგრესიული სახელმწიფოები იღებენ სანაცვლოდ ტექნოლოგიებს, ფულს, გადამზადებას, რაც შემდგომში შესაძლოა სხვაგანაც იყოს გამოყენებული. იხილეთ სრულად