პიტერ სიიარტო - საქართველოში არჩევნები მოიგო არა ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის“ მიერ შეთავაზებულმა ძალამ, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ოჯახს
საქართველოში არჩევნები მოიგო არა ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის“ მიერ შეთავაზებულმა ძალამ, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ოჯახს, რომელიც ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს წინა პლანზე, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„მზის ქვეშ ახალი არაფერია: შაბათს საქართველოში არჩევნები მოიგო არა იმან, ვინც ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის“ მიერ იყო შეთავაზებული, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ოჯახს, რომელიც ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს წინა პლანზე. ასე რომ, რადგან ლიბერალები ძალიან ჩამორჩნენ, შეტევა დაიწყო: არჩევნები იყო არაკეთილსინდისიერი, არ არის დემოკრატია საქართველოში და ა.შ.“, - აღნიშნა სიიარტომ.
მან კიდევ ერთხელ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ „ქართველი ხალხის ნდობის მოპოვება და შენარჩუნება“ და განაცხადა, რომ უნგრეთი მზადაა განავითაროს თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
სიიარტოს მტკიცებით, განსაკუთრებულ სიბრალულს იწვევს ის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომლის პარტიამ 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, გუშინ ჩატარებულ არჩევნებში კი დამარცხდა.