ტრამპის უმწვავესი თავდასხმა ზელენსკიზე - "უკრაინა აღარ არსებობს, თქვენ გაქვთ ქვეყანა, რომელიც გაანადგურეს..."
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ზელენსკი მასზე ჭორაობს. უცხოური მედიის ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა,
"ჩვენ ვაძლევთ მილიარდებს ადამიანს, რომელიც უარს ამბობს შეთანხმების გაფორმებაზე. თქვენ გაქვთ ქვეყანა, რომელიც გაანადგურეს", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი იმან გააღიზიანა, რომ ამერიკაში მყოფმა ზელენსკიმ ეჭვქვეშ დააყენა "დიდი დონალდის" განცხადებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი გახდება თუ არა, უკრაინაში მშვიდობას დაამყარებს.
"უკრაინის პრეზიდენტი ჩვენ ქვეყანაშია და იფურთხება თქვენი საყვარელი პრეზიდენტის მისამართით" - მიმართა ტრამპმა ამომრჩეველს.
მანამდე ტრამპმა გააკრიტიკა ბაიდენი და ჰარისი იმისთვის, რომ მათ ამერიკა კონფლიქტში ჩართეს.
"უკრაინა აღარ არსებობს. ეს უკვე უკრაინა აღარ არის. თქვენ ვეღარ შეცვლით ქალაქებს, თქვენ ვეღარ შეცვლით მკვდარ ხალხს. ნებისმიერი შეთანხმება, ყველაზე ცუდიც კი, უკეთესი იქნებოდა იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს გვაქვს", - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი გახდება, ომს 24 საათის განმავლობაში შეაჩერებს.
ზელენსკის ტრამპმა "ისტორიაში ყველაზე დიდი ვაჭარი უწოდა" და ამომრჩეველს შეპირდა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით "სხვანაირი მიდგომები" ექნება.