რატომ აიკრძალა ბრაზილიაში სოციალური ქსელი X? | Allnews.Ge

რატომ აიკრძალა ბრაზილიაში სოციალური ქსელი X?

ბრაზილიაში სოციალური ქსელი X აიკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე დე მორაეშმა X-ის (ყოფილი „ტვიტერი“) მუშაობის შეჩერების ბრძანება მას შემდეგ გამოსცა, რაც ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა ქვეყანაში ახალი წარმომადგენელი უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ დანიშნა.

ალექსანდრე დე მორაეშმა X-ის მუშაობის „დაუყოვნებლივ და სრულად შეჩერების“ ბრძანება იქამდე გასცა, სანამ სოციალური ქსელი სასამართლოს მოთხოვნებს და არსებულ ჯარიმებს არ გადაიხდის. ასევე, ადამიანები, რომლებიც პლატფორმაზე წვდომისთვის ვირტუალურ კერძო ქსელს (VPN) გამოიყენებენ, დაჯარიმდებიან.

ილონ მასკსა და ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება აპრილში დაიწყო, როდესაც მოსამართლემ დეზინფორმაციის გავრცელების გამო X-ის ათობით ანგარიშის დაბლოკვა ბრძანა, რასაც ილონ მასკმა სიტყვის თავისუფლების განადგურების მცდელობა უწოდა.

ბრაზილიის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ მოსამართლის ბრძანების შესრულება დაიწყო.