"კურსკში კონტროლი კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე დავაწესეთ"- რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?
უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე წინ მიიწევენ და მებრძოლებმა გაცვლითი ფონდის შევსებაც მოახერხეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში 1-დან 3 კილომეტრამდე, კონტროლი კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე დავაწესეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კვირას რუსები თავს დაესხნენ სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებს. მან კომენტარი გააკეთა განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზეც, რომელიც განხორციელდა კრამატორსკში მდებარე სასტუმროზე, სადაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.
„უკრაინის, ამერიკისა და ბრიტანეთის მოქალაქეები. ჩვეულებრივი ქალაქის სასტუმრო რუსულმა „ისკანდერმა“ გაანადგურა. აბსოლუტურად მიზანმიმართულად, გააზრებულად. დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.