წარმატებით დასრულებული სკოლა და მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში - რა ხდება ცნობილი ბიჭზე, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა?
FBI-ს განცხადებით, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატში, სიტყვით გამოსვლისას ესროლა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო, როგორც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი.
ტრამპს ტყვია ყურის არეში მოხვდა - კრუკსის მიერ სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა პრეზიდენტობის კანდიდატის ერთი მხარდამჭერი, ორი მათგანი კი მძიმედ დაიჭრა. თავად კრუკსი დანაშაულის ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა, რომლებიც ტრამპს იცავდნენ, როგორც ყოფილ პრეზიდენტსა და ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატს.
თომას კრუკსს თან არანაირი საბუთი არ ჰქონია და გამოძიებამ მისი ვინაობა დნმ-ის საშუალებით დაადგინა.
ბიჭი მშობლებთან ერთად პიტსბურგის გარეუბანში ცხოვრობდა, მკვლელობის მცდელობის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრში. 2022 წელს სკოლის დასრულების შემდეგ, პრიზის სახით 500 დოლარი გადასცეს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული შედეგებისთვის - ამის შესახებ ადგილობრივი პრესა წერს.
სკოლის დასრულების შემდეგ კრუკსი მოხუცთა თავშესაფრის სამზარეულოში მუშაობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიჭი ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული, როგორც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი.
თუმცა, სამი წლის წინ მან 15 დოლარი შესწირა ორგანიზაცია ActBlue-ს, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას.
მედიის ცნობითვე, მკვლელობის დროს ბიჭს ეცვა მაისური Demolition Ranch-ის ლოგოთი. ეს არის YouTube-ს არხი მილიონობით გამომწერით, რომელიც აქვეყნებს ვიდეოებს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ. იხილეთ სრულად