ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან | Allnews.Ge

ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, - ამის შესახებ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაშია ნათქვამი.

„რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკრაინელ ხალხზე რუსეთის საზარელ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ასევე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმებიან.

„ჩვენ მზად ვართ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვით შესაძლებლობებს მხარი დავუჭიროთ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მათი შესაძლებლობები გავაძლიეროთ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

myquiz