ვინ არიან ქართული წარმოშობის მომღერლები, რომლებმაც ევროვიზიაზე სხვა ქვეყნები წარადგინეს?
ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე, ევროვიზიაზე, საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. საქართველოს გარდა, ქართველი მომღერლები ევროვიზიაზე სხვა ქვეყნების სახელითაც გამოჩენილან.
ამ სტატიაში წარმოშობით ქართველ იმ მუსიკოსებზე მოგიყვებით, რომლებიც ევროფესტივალზე სხვა ქვეყნების სახელით წარდგნენ.
თამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე, რომელსაც, უბრალოდ, თამთად იცნობენ მსმენელები, ევროვიზიის ფანებში განსაკუთრებული სიყვარულით ჯერ კიდევ კონკურსზე გამოჩენამდე სარგებლობდა. მეტიც, გულშემატკივრები და ბლოგერები წლების განმავლობაში ითხოვდნენ მის ხილვას ევროფესტივალის სცენაზე.
მათი ოცნება 2019 წელს ასრულდა, როცა კვიპროსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თამთა პირდაპირ, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა კუნძულოვანი ქვეყნის წარმომადგენლად. საკონკურსო სიმღერაზე Replay ევროვიზიის სტაჟიანმა კომპოზიტორმა ალექს პაპაკონსტანტინუმ იმუშავა სხვა ავტორებთან ერთად. დენს-პოპ კომპოზიციამ ევროფანების გული ადვილად მოიგო და წინასაკონკურსო პერიოდში ერთ-ერთ ფავორიტადაც იქცა. საბოლოოდ, ევროფესტივალზე ასპარეზობა თამთამ ფინალში მე-13 ადგილით დაასრულა.
მორან მაზორი
2013 წლის ევროვიზიაზე ქვეყნის წარმომადგენლის შესარჩევად, ისრაელმა მასშტაბური კონკურსი გამოაცხადა, რომლის დასკვნით ეტაპზე 30 შემსრულებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, გამარჯვება წილად ხვდა 21 წლის მორან მაზორს, სიმღერით რაკ ბიშვილო. მანამდე, 2011 წელს, მორანმა პოპულარობა მუსიკალურ რეალითი შოუში მონაწილეობით მოიპოვა. მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მშობლები, ნანა და რაფი, საქართველოდან არიან.
მიხაელ ბენ დავიდი
2022 წელს, ევროვიზიაზე ქვეყნის წარმომადგენლისა და საკონკურსო სიმღერის შესარჩევად, ისრაელის მაუწყებელმა პოპულარული მეგაშოუ X ფაქტორი გამოიყენა. დაძაბული ექვსკვირიანი მარათონის შემდეგ, 16 რჩეულ კონკურსანტს შორის გამარჯვება 25 წლის მიხაელ ბენ დავიდმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პროექტში მისი მენტორი 2018 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ნეტა ბარზილაი იყო.
მიხაელის მამა საქართველოდანაა. მომავალი მუსიკოსი აშკელონში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაში სწავლისას კი გამუდმებით ხდებოდა ჩაგვრისა და დაცინვის სამიზნე თანაკლასელებისგან. სწორედ ამ რთულ გამოცდილებას ეხმაურებოდა მიხაელის საევროვიზიო სიმღერა I.M, რომელიც მსმენელს საკუთარი თავის მიღების, თავდაჯერებულობისა და გამბედაობის მოკრებისკენ მოუწოდებს.