ვოლოდიმირ ზელენსკი - სი ძინპინმა სიტყვა მომცა, რომ რუსეთს იარაღს არ მიყიდის | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - სი ძინპინმა სიტყვა მომცა, რომ რუსეთს იარაღს არ მიყიდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.

"ვესაუბრე ჩინეთის ხელმძღვანელს, მან თქვა, რომ ის არ მიყიდის რუსეთს იარაღს, ვნახოთ. თუ პატიოსანი ადამიანია, არ გააკეთებს ამას, იმიტომ, რომ სიტყვა მომცა“, - განაცხადა ზელენსკიმ იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ზელენსკიმ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების შეთანხმებას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

„შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მომავალ გაწევრიანებას ნატო-ში და აღიარებს, რომ ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 22 მაისს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. გერმანიისა და შეერთებული შტატების ხელისუფლებებმა ასევე გააფრთხილეს ჩინეთი რუსეთის ფედერაციასთან სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

myquiz