"პირველ 72 საათში 5 მილიარდი ადამიანი დაიღუპება, პლანეტაზე მხოლოდ ორი სახელმწიფო გადარჩება" - მესამე მსოფლიო ომის შემზარავი სცენარი | Allnews.Ge

"პირველ 72 საათში 5 მილიარდი ადამიანი დაიღუპება, პლანეტაზე მხოლოდ ორი სახელმწიფო გადარჩება" - მესამე მსოფლიო ომის შემზარავი სცენარი

„მილიარდობით ადამიანი დაიღუპება სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის საშინელი შედეგებით - როგორც ნგრევით, ხანძრებით და რადიაციით, ასევე ბირთვული ზამთრით გამოწვეული შიმშილობით“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი სთარში“ (The Daily Star) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მას შემდეგ, რაც ბირთვული ომი 5 მილიარდ ადამიანს იმსხვერპლებს, გლობალურ კატასტროფას მხოლოდ ორი სახელმწიფო გადაურჩება“ (ავტორი - მაიკლ მორანი).

ჟურნალისტი ენ იაკობსენი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს ატომურ-ბირთვული ომის მოსალოდნელი შედეგების კვლევაზე, თვლის, რომ თუ დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, განადგურებას მხოლოდ ორი ქვეყანა გადაურჩება.

მკვლევარის აზრით, ბირთვული ომის დაწების შემდეგ პირველ 72 საათში დაახლოებით ხუთი მილიარდი ადამიანი დაიღუპება, მოგვიანებით კი, დარჩენილი სამი მილიარდი, გაუგონარი სირთულეებისა და პრობლემების წინაშე დადგება.

დედამიწის სამი კონტინენტის - ამერიკის, აფრიკისა და ევრაზიის - ზეცას გლობალური ხანძრების კვამლი დააბნელებს; დაიწყება ეგრეთ წოდებული „მცირე გამყინვარების პერიოდი“, რის შედეგადაც ატომურ ბომბებს გადარჩენილები პრაქტიკულად საკვების გარეშე დარჩებიან. „მსოფლიოს დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მისი ზომიერი კლიმატის განედები, სქელი ყინულით დაიფარება... ისეთი რეგიონები და ქვეყნები, რომლებიც დღეს მარცვლეულის მოყვანის ცენტრებად ითვლებიან, მაგალითად, ამერიკული აიოვა ან აღმოსავლეთევროპული უკრაინა, სავარაუდოდ, ათი წლის განმავლობაში თოვლით იქნებიან დაფარული“, - ამბობს ენი იაკობსენი.

„ბირთვული ზამთარი ფატალური იქნება ატომურ დაბომბვას გადარჩენილ ადამიანთა დიდი ნაწილისათვის. სოფლის მეურნეობა განადგურდება, სურსათ-სანოვაგის გარეშე კი მოსახლეობა შიმშილისგან დაიღუპება... გარდა ამისა, რადიოაქტიური დასნებოვნების გამო ადამიანებს სხივური დაავადება დაემართებათ, მკურნალობის შესაძლებლობა კი არ იქნება. ოზონის (O3) ფენა, რომელიც დედამიწის ცოცხალ ორგანიზმებს ულტრაიისფერი ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან იცავს და რომელიც სტრატოსფეროში 50 კილომეტრის სიმაღლეზე არსებობს, იმდენად დაზიანდება, რომ ადამიანებისთვის სინათლეზე ყოფნა მომაკვდინებელი იქნება. ისინი იძულებულნი გახდებიან მიწისქვეშეთში ცხოვრება ისწავლონ“, - პროგნოზირებს მკვლევარი.

პროფესორმა ბრაიან ტუნმა, დიდი ბრიტანეთის კლიმატოლოგიისა და ატმოსფეროს მდგომარეობის წამყვანმა ექსპერტმა, განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, ორად ორი სახელმწიფო, რომლებშიც ბირთვული ზამთრის შემდეგ შეიძლება სოფლის მეურნეობა განვითარდეს, იქნებიან ავსტრალია და ახალი ზელანდია.

„იმ ბირთვულ ბუნკერებში, რომლის მსგავსებსაც მილიარდერები აშენებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მხოლოდ იმ დრომდე იქნება თავის შეფარება შესაძლებელი, სანამ ელექტროენერგია იარსებებს. უფრო მცირე ზომის ბუნკერებში თავშეფარებულები იცოცხლებენ მანამ, სანამ დიზელ-გენერატორებისთვის საწვავი ექნებათ, შემდეგ კი ყველა იძულებული იქნება მიწის ზედაპირზე ამოვიდეს... მაგრამ იქ მათ რადიაცია, გამოსხივება და უკიდეგანო თოვლიან-ყინულიანი მიწა ელოდებათ. ადამიანები დაბრუნდებიან ისეთივე მდგომარეობაში, როგორიც პირველყოფილ-თემური წყობილების დროს არსებობდა. მათ მოუწევთ ყოველდღიური ბრძოლა საკვების მწირე მარაგების მოპოვებისთვის, უკიდურესი სიმკაცრის პირობებში... გავრცელდება კანიბალიზმი“, - ამბობს ბრაიან ტუნი.

მაგრამ, როგორც ენ იაკობსენი აცხადებს, ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ბირთვული ომი, თანამედროვე გამაფრთხილებელი სისტემების მიუხედავად, შეიძლება სრულიად შემთხვევით დაიწყოს. თავისი ნათქვამის დასადასტურებლად იგი იხსენებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან - ჰაროლდ ბრაუნთან - დაკავშირებულ ისტორიას. იხილეთ სრულად

myquiz