"ჰამასი" აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა: პალესტინელები ზეიმობენ, თუმცა ჯერ უცნობია ისრაელის პოზიცია
"ჰამასი" აცხადებს, რომ დათანხმდა ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელმაც უნდა შეაჩეროს ისრაელთან 7 თვის განმავლობაში მიმდინარე ომი. გადაწყვეტილების შესახებ ისმაილ ჰანიემ კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბარში განუცხადა. მოლაპარაკებები საკაოდ რთული იყო და მასში არა მხოლოდ "ჰამასი" და ისრაელი, არამედ აშშ, კატარი და ეგვიპტეც მონაწილეობდნენ. ისრაელს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
"ბურთი ახლა ისრაელის მოედანზეა“, - განაცხადა "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
წინადადების დეტალები დაზუსტებული არ არის, თუმცა ბოლო დღეებში ეგვიპტისა და "ჰამასის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად გაგრძელდება, რა დროსაც "ჰამასი" მძევლებს გაათავისუფლებს, ისრაელი კი ღაზიდან არმიას გაიყვანს.
ისრაელის ხელისუფლებიდან ანონიმურმა წყარომ სააგენტო "როიტერსთან" განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასი" დათანხმდა, წარმოადგენს "შერბილებულ" ვერსიას ეგვიპტის წინადადებისა, რომელიც მოიცავდა ისრაელისთვის მიუღებელ "შორს მიმავალ" დასკვნებს. "ეს სავარაუდოდ არის თვალთმაქცობა, რომლის მიზანია ისრაელი გამოჩნდეს შეთანხმებაზე უარის მთქმელ მხარედ", - ამბობს ის.
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ალ-აქსას საავადმყოფოს გარეთ შეკრებული მოსახლეობა მოლაპარაკებების დასრულებას აღნიშნავს. შეთანხმების დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ პროგრესი კონფლიქტის ზონაში მყოფთათვის ზეიმის მიზეზია. იხილეთ სრულად