უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოდესაში, სადაც თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, რუსებმა ბალისტიკური რაკეტა და კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს
რუსეთის არმიამ ოდესაზე სარაკეტო შეტევა ბალისტიკური რაკეტით განახორციელა და წინასწარი მონაცემებით, კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, წინასწარი მონაცემებით, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით. ასეთი საბრძოლო მასალა გამოიყენება ცოცხალი ძალის განადგურების მიზნით და საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ადამიანებს და არა აღჭურვილობას და შენობებს“, - აღნიშნა კიპერმა.
მანამდე, მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალი.