"ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს" - 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი (210 დემოკრატი, 101 "რესპუბლიკელი“), წინააღმდეგ კი 112 წავიდა (ყველა "რესპუბლიკელი“). მის მიღებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
ახლა პაკეტი განსახილველად აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა ისევე, როგორც ცვლილებები სენატის კანონპროექტში HR.815 აშშ-ის საერთაშორისო დახმარების შესახებ, რომელიც თებერვალში მიიღეს. ამან უნდა გაამარტივოს პაკეტის სენატში დამტკიცების პროცედურა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ის მას ხელს მოაწერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას - წარმომადგენელთა პალატას, ორივე პარტიას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს “გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიას სწორ მსვლელობას უნარჩუნებს.”
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში - სენატში, რის შემდეგაც, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა.
“დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება მნიშვნელობა მსოფლიოში და არასდროს განიცდის მარცხს, სანამ ამერიკა მათ დაცვაში დახმარებას გაწევს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი აშშ-ის დახმარების შესახებ, რომელიც დღეს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, დაგვეხმარება აღვკვეთოთ ომის გაფართოება, გადაარჩენს ათასობით და ათასობით სიცოცხლეს და ორივე ჩვენს ერს უფრო ძლიერს გახდის”,- წერს ზელენსკი.