მსოფლიო მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება - როდის დაიწყება ეს იშვიათი მოვლენა და მასზე დაკვირვება საიდან იქნება შესაძლებელი?
დღეს, 8 აპრილს, როცა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში უკვე საღამო დადგება, ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელებას დააკვირდებიან. ბუნებრივი მოვლენა შესამჩნევი იქნება მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში.
მზის სრული დაბნელება ხდება რეგულარულად, მაგრამ არც ისე ხშირად: შემდეგი მოხდება მხოლოდ 2026 წელს და ის, ძირითადად, ატლანტის ოკეანიდან იქნება ხილული.
ამიტომ, მთელი მსოფლიო ემზადება უყუროს ამ დაბნელებას რეალურად, ინტერნეტით თუ ტელევიზიით...
მეცნიერებისთვის ის ოთხი წუთი, რომლის განმავლობაშიც მთვარის ჩრდილი დაფარავს მზეს, იქნება საკმარისი დრო სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის.
მკვლევრები რაკეტებს გაუშვებენ ჩრდილის მოძრაობის ტრაექტორიით ასევე დააკვირდებიან ცხოველებს ზოოპარკებში, გაგზავნიან რადიოსიგნალებს მთელ მსოფლიოში და მიმართავენ კამერებსა და ტელესკოპებს ცაში, რათა ისარგებლონ დროებითი სიბნელით
თუმცა, ასეთი კვლევის შედეგი მთლად გარანტირებულიც არ არის, რადგან მზის აფეთქებამ ან თუნდაც ღრუბლებმა შეიძლება წყალში ჩაყაროს მეცნიერთა მცდელობები.
მზის სრული დაბნელება პირველად მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე გამოჩნდება, შემდეგ აშშ-ში, ტეხასისა და მეინიში და, საბოლოოდ, აღმოსავლეთ კანადაში გადაინაცვლებს.
როგორც უკვე ვთქვით, გასაოცარი მოვლენის საყურებლად უამრავი ადამიანი ემზადება, ზოგმა სპეციალურად ამ დღისთვის მოგზაურობაც კი დაგეგმა. საყურებლად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი წელს ნიაგარას ჩანჩქერია, რომელიც მილიონამდე ვიზიტორს ელოდება. ინფორმაციისთვის, ამ მხარეში მზის დაბნელების ფენომენი 1979 წლის შემდეგ არ უნახავთ.
დღეს მილიონობით ადამიანი იხილავს, როგორ გადაფარავს მთვარე მზეს, დააბნელებს ცას და საბოლოოდ, ჩვენი ვარსკვლავის ფარულ გარე ატმოსფეროს გამოავლენს.იმის მიუხედავად, რომ მზის დაბნელება საქართველოს დროით საღამოს 9 საათზეა მოსალოდნელი, NASA-ს ოფიციალური "იუთუბარხი" ერთ-ერთია, სადაც მზის დაბნელების ონლაინ ყურებას შეძლებთ.