ტერაქტიდან 19 საათის შემდეგ პუტინი პირველ კომენტარს აკეთებს - რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში?
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმიდან 19 საათის შემდეგ მოსახლეობას მიმართავს. მან თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტმა შემთხვევას "ბარბაროსული ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, მეხანძრეებსა და მაშველებს. მისივე თქმით, ტერაქტში მონაწილე ყველა დამნაშავე, ორგანიზატორი და დამკვეთი სამართლიანად დაისჯება."ოთხივე დამნაშავე იპოვეს და დააკავეს. ისინი უკრაინის მიმართულებით ცდილობდნენ გაქცევას. ჯამში სულ 11 ადამიანია დაკავებული. ჩვენ ყველა დაშავებულს საჭირო დახმარებას გავუწევთ.
ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის გეგმის წინაშე. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობელი დაკარგა. დანაშაულში მონაწილე ყველა შემსრულებელი და ორგანიზატორი დაისჯება. რუსეთმა არაერთხელ გაიარა ურთულესი განსაცდელი და გაძლიერდა... ახლაც ასე იქნება" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლში" რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 24 მარტი რუსეთში ეროვნული გლოვის დღეა.