სატვირთო გემი, რომელსაც „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა
ბრიტანეთის კუთვნილი სატვირთო ხომალდი, Rubymar-ი, რომელსაც თებერვალში იემენელმა „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის არმიის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, Rubymar-ის ჩაძირვა, რომელსაც 21 000 ტონა სასუქი გადაჰქონდა, წითელ ზღვაში ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.
ბრიტანეთის საკუთრებაში არსებულ და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ Rubymar-ს „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან 18 თებერვალს გასროლილი ორი ბალისტიკური რაკეტიდან ერთ-ერთი მოხვდა. ხომალდმა, რამდენიმე დღის შემდეგ, წითელ ზღვაში 18 მილის სიგრძის ნავთობის ლაქა შექმნა.
შეგახსენებთ, „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს რამდენიმე თვეა ესხმიან თავს და მიზეზად ისრაელი-„ჰამასის“ ომის გამო პალესტინელების მიმართ სოლიდარობას ასახელებენ. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე თავდასხმებმა პრობლემები შეუქმნა გლობალურ ვაჭრობას და გააჩინა შიში უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის შესახებ.