აშშ-ის შურისძიება დაიწყო: ბაიდენის ბრძანებით ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებს დაარტყეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და მასთან დაკავშირებულ სამიზნე ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა.
აშშ-მა ბომბდამშენების გამოყენებით საჰაერო იერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განახორციელა. ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სამიზნეებს, სამეთაურო და საკონტროლო ოპერაციების ცენტრები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესანახი ობიექტები და საბრძოლო მასალის მიწოდების ცენტრები წარმოადგენდა. საჰაერო თავდასხმებში გამოყენებული იქნა 125-ზე მეტი ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა.
ცოტა ხნის შემდეგ, თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოჩნდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადება: "ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ. შეერთებული შტატები არ ეძებს კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა ადგილას, მაგრამ ვისაც სურს ჩვენთვის ზიანის მიყენება, აცნობეთ მათ, რომ თუ ამერიკელს დააზიანებთ, ჩვენ გიპასუხებთ“.
აშშ-ს თავდასხმების ზუსტი დეტალები მწირია, მაგრამ BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმისას გამოყენებული იქნა B1 ბომბდამშენები.
"B1 ბომბდამშენების გამოყენება აჩვენებს ამერიკის "ლეტალურ ძალას კონტინენტთაშორის დიაპაზონში", - განუცხადა BBC-ს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის უფროსმა თანამშრომელმა ბარბარა სტარმა.