დონალდ ტრამპს მეინის შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა - რა გახდა აკრძალვის მიღების მიზეზი?
მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა, შენნა ბელოუსმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
შენნა ბელოუსის განცხადებით, ტრამპი უფლებამოსილი არ არის არჩევნებში კენჭი იყაროს იმის გამო, რომ მისმა ქმედებებმა 2021 წელს აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია.
34-გვერდიან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უნდა მოიხსნას მაინის კენჭისყრიდან აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების გამო, რომელიც ამბოხებაში ჩართულ პირს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
„რამდენიმე თვის განმავლობაში და 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპი იყენებდა ცრუ ნარატივს არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა წაეხალისებინა თავისი მხარდამჭერები და მიემართა ისინი კაპიტოლიუმისკენ“, - აცხადებს შენნა ბელოუსი.
ეს გადაწყვეტილება მეინს აქცევს აშშ-ის მეორე შტატად კოლორადოს შემდეგ, რომელიც ტრამპს პრეზიდენტის პოსტის კიდევ ერთხელ დაკავების უფლებას არ აძლევს.
ცნობისათვის, აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ რატიფიცირებულ მე-14 შესწორებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფიცს დებენ კონსტიტუციის წინაშე, ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება, თუ ამბოხებაში მონაწილეობდნენ.