ნაპოლეონი, სტალინი და "ანტიფრანგული ისტორია" - რატომ გამოიწვია საერთაშორისო სკანდალი რიდლი სკოტის ფილმმა? | Allnews.Ge

ნაპოლეონი, სტალინი და "ანტიფრანგული ისტორია" - რატომ გამოიწვია საერთაშორისო სკანდალი რიდლი სკოტის ფილმმა?

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ანტიფრანგული ისტორია: რატომ აკრიტიკებენ რიდლი სკოტის ახალ ფილმს „ნაპოლეონს“ (ავტორი - იანა ლიტვინოვა). მასში განხილულია ფილმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი, აგრეთვე ის კრიტიკული შენიშვნები, რომლებიც კინოსურათის პრემიერამდეც (23 ნოემბრამდე) გამოითქმებოდა, პრემიერის შემდეგ კი კიდევ უფრო გამწვავდა.

გთავაზობთ ვრცელ პუბლიკაციას შემოკლებით:

ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის რიდლი სკოტის ახალმა ფილმმა - „ნაპოლეონმა“ გაცხარებული კამათი ჯერ კიდევ დიდ ეკრანებზე გამოსვლამდე გამოიწვია.

ყველაზე მეტი ურყოფითი მოსაზრება პოპულარული კინომოღვაწის ნამუშევრის მიმართ (რიდლი სკოტის ფილმები „უცხო“, „გლადიატორი“ და სხვები საყოველთაოდ არის ცნობილი) ისტორიულმა უზუსტობებმა გამოიწვია. გარდა ამისა, რიდლი სკოტმა ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა იგი „ნაპოლეონზე“ საუბრობდა, მან საფრანგეთის ლიდერი ალექსანდრე მაკედონელს, იოსებ სტალინს და ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

დავიწყოთ იმით, რომ ბევრი ფრანგის თვალში ინგლისელი რიდლი სკოტი დამნაშავე აღმოჩნდა არა იმდენად იმაში, რომ მან საფრანგეთის იმპერატორის სახე ეკრანზე არასწორად გამოხატა, არამედ უფრო მეტად „თავხედობაში“ - როგორ გაბედა მან, ინგლისელმა რეჟისორმა, ფრანგ ეროვნულ გმირზე ფილმი გადაეღო... ნაპოლეონის ეპოქაში ხომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, საბოლოოდ კი ნაპოლეონი სწორედ ბრიტანელთა ტყვეობაში გარდაიცვალა შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე...

mv5boda0ndfjmmetndzkos00mtliltg1otqtmddjymm1mmjmowzjxkeyxkfqcgdeqxz3zxnszxk-1701161709._V1_QL75_UX500_CR0,0,500,281_.jpg

ფრანგი კინოკრიტიკოსები რიდლი სკოტს იმასაც საყვედურობენ, რომ ფილმში ფრანგი ჯარისკაცები ტულონის ალყის დროს (1793 წელს) „გაუმარჯოს საფრანგეთს!“ («Vive La France!») ამერიკული აქცენტით გაჰყვირიან, ხოლო თახარ რახიმს (ალჟირული წარმოშობის ფრანგ მსახიობს, რომელმაც პოლ დე ბარასის როლი შეასრულა) შექსპირის ენაზე ალაპარაკებს“.

თუმცა ასეთი ხარვეზები მაინცდამაინც დიდი ცოდვა არ არის - ნუ გავამახვილებთ ყურადღებას მსგავს მომენტებზე. ბოლოსდაბოლოს, ხოაკინ ფენიქსი, რომელიც „ნაპოლეონში“ ბონაპარტის როლს ასრულებს და ინგლისურად ლაპარაკობს, ასევე ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა იმპერატორ კომოდის როლის შესრულებისას, „გლადიატორში“.

რეჟისორის კრიტიკაში ფრანგი ისტორიკოსებიც ჩაებნენ: პროფესორმა პატრის განისმა ჟურნალ Le Point-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ფილმი ძალზე ანტიფრანგულია და მოვლენებს პრობრიტანულად წარმოაჩენს. რეჟისორი სინამდვილეს აყალბებს და ისტორიის ბრიტანეთის სასარგებლოდ გადაწერას ცდილობს“. მაგალითისათვის პატრის განისი ვატერლოოს ბრძოლას (1815 წლის 18 ივნისი) იმოწმებს, რომელსაც რიდლი სკოტი ფილმში ყველაზე საუკეთესო ეპიზოდად წარმოსახავს (ანუ ინგლისელი რეჟისორი სპეციალურად აქცევს მეტ ყურადღებას და ხაზს უსვამს ფრანგთა იმპერატორის დამარცხების მომენტს).

ფრანგი კრიტიკოსები ასევე ყურადღებას აქცევენ იმ ფაქტსაც, თუ როგორ არის გადმოცემული ფილმში ნაპოლეონ ბონაპარტისა და ბრიტანელი ფელდმარშლის არტურ ველინგტონის ურთიერთობა. როგორც ცნობილია, არტურ ველინგტონი ვატერლოოს ბრძოლის დროს ანტიფრანგული კოალიციის ჯარებს სარდლობდა (მოგვიანებით იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც გახდა)..

სხვათა შორის, ინგლისელი სპეციალისტებიც აღნიშნავენ ფილმში დაშვებულ ისტორიულ ხარვეზებს: მაგალითად, ნაპოლეონი არ ესწრებოდა ლუი XVI-ის ცოლის, დედოფალ მარი ანტუანეტის დასჯას (ფილმში კი პირიქითაა), ხოლო თვითონ დედოფალი ეშაფოტზე თმაგაშლილი ადის (არადა, გილიოტინის წინ სიკვდილმისჯილებს თმებს მოკლედ აჭრიდნენ). გარდა ამისა, ფილმში ფრანგი ჯარისკაცები, იმპერატორის ბრძანებით, ეგვიპტის პირამიდებს ესვრიან (სინამდვილეში კი ნაპოლეონს მსგავსი ბრძანება არ გაუცია), ხოლო ცნობილი სფინქსი ფილმში სახის სრული ნაკვთებით არის ნაჩვენები (რაც არასწორია, სფინქსმა სახის ძირითადი ნაწილები XIX საუკუნებდე დიდი ხნით ადრე დაკარგა). იხილეთ სრულად

myquiz