ვინ არის არგენტინის ახალი "შეშლილი" პრეზიდენტი, ზღაპრული დაპირებებით, რომელიც რჩევებს ძაღლებისგან იღებს?
არგენტინის ახალ პრეზიდენტს მეგობრები და მტრები დონალდ ტრამპს, ჟაირ ბოლსონარუს, ელვის პრესლისა და მაქციასაც კი ადარებენ. ზოგიერთი ამბობს, რომ ხავიერ მილეი ბორის ჯონსონის და საშინელებათა ფილმის მკვლელი თოჯინას, ჩაკის ნაზავს წააგავს.
ულტრამემარჯვენე მილეის არაავტორიზებული ბიოგრაფიის ავტორი, ხუან ლუის გონსალესი პოლიტიკოსზე ყვება, რომ ის ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო და 1980-იან წლებში მას მეტსახელად "ელ ლოკო", ანუ შეშლილი შეარქვეს.
"მილეის იდეებზე მეტად მისი გონებრივი მდგომარეობა და ემოციური სტაბილურობა მადარდებს",- წერს ავტორი.
მილეიმ პოპულარობა არგენტინულ სატელევიზიო შოუებით მოიპოვა. გადაცემებში ის ეკონომიკაზე საუბართან ერთად ხშირად მიმართავდა ბილწსიტყვაობას და მაყურებელმა ის თავისი გადაჭარბებული ექსცენტრიულობით გაიცნო. ასეთმა იმიჯმა ხავიერ მილეის პოლიტიკური კარიერის დასაწყებად მისცა ბიძგი. ეკონომისტი მილეი კონგრესში 2021 წელს აირჩიეს, წელს კი პრეზიდენტიც გახდა.
საპრეზიდენტო კამპანიისას, მილეიმ პირობა დადო, რომ არგენტინის ცენტრალურ ბანკს გააუქმებდა, ინფლაციას შეაჩერებდა და ქვეყნის მთავარ ვალუტად ამერიკულ დოლარს დააწესებდა. მილეის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ ექსცენტრიულ პოლიტიკოსს მასტიფის ჯიშის 5 უშველებელი ძაღლი ჰყავს და თითოეულ მათგანს ცნობილი ეკონომისტების სახელები ჰქვიათ: "ის მათ თავის ოთხფეხა შვილებს უწოდებს და პოლიტიკურ რჩევებსაც სწორედ მათგან იღებს".
ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირული ქვეყნის მოსახლეობისთვის, სადაც წლიური ინფლაცია ახლა 140%-ზე მეტია და ყოველი მეხუთე არგენტინელი სიღარიბეში ცხოვრობს, მაილის რადიკალური განცხადებები ჭკვიანური ნაბიჯი იყო. იხილეთ სრულად