სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი გარდაიცვალა
სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა The Los Angeles Times წერს, ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მსახიობი "მცირეოდენი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში დაიღუპა".
მედია წერს, რომ ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.
მეთიუ 1969 წელს, მასაჩუსეთში დაიბადა, თუმცა შემდეგ, საცხოვრებლად ოჯახი ოტავაში გადავიდა. დაწყებით სკოლაში კანადის ამჟამინელ პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად სწავლობდა.
როგორც ცნობილია, მსახიობი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და სხვადასხვა დროს სარებილიტაციო ცენტრშიც მკურნალობდა. 2018 წელს მსახიობი 5 თვე იყო საავადმყოფოში კუჭ-ნაწლავის პერფორაციისთვის.
მას გაუსკდა მსხვილი ნაწლავი და ორი კვირა კომაში იყო, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ექიმებმა პერის ოჯახს უთხრეს, რომ მას გადარჩენის ორი პროცენტი ჰქონდა, თუმცა მაშინ მსახიობის გადარჩენა მოხერხდა.
მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ სერიალ Friends-მა და ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.