რა მოხდა ღაზის საავადმყოფოში და ვინ არის პასუხისმგებელი ასობით ადამიანის სიკვდილზე?
ღაზაში, ქალაქ ალ აპლის არაბულ საავადმყოფოში, აფეთქების შედეგად, ასობით ადამიანია დაღუპული. "ჰამასი“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. თავის მხრივ, ისრაელი მომხდარში "ჰამასს" ადანაშაულებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელი ჰოსპიტლის დაბომბვის საქმეს იძიებს. მისივე განცხადებით, ბევრი ცრუ ინფორმაციაა, რომელსაც "ჰამასი" ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით კი, ღაზის საავადმყოფოში აფეთქება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. მათი თქმით, “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” წარუმატებლად გაშვებულ რაკეტას ღაზის საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება მოჰყვა."ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზიდან, მტერმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რომლებმაც საავადმყოფოს მახლობლად ჩაიარეს, როდესაც ის აფეთქდა. სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენიმე წყაროდან, რომელიც გვაქვს, “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” ორგანიზაცია პასუხისმგებელია წარუმატებელი [სარაკეტო] დარტყმისთვის, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა”,- ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო დასავლეთ სანაპიროზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. საპროტესტო აქციები იყო ლიბანში, ირანსა და თურქეთში. მედიის ინფორმაციით, ასობით პალესტინელი შეიკრიბა დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში, მათ შორის რამალაში, სადაც მომიტინგეებსა და პალესტინელ უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.
შეტაკება იყო ლიბანშიც ასობით დემონსტრანტსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის. აქციები გაიმართა აშშ-ის საელჩოსთან, რომელიც დედაქალაქ ბეირუთთან ახლოს მდებარეობს. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბეირუთში საფრანგეთის საელჩოსთან, სადაც "ჰეზბოლას“ დროშები აღმართეს და საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს.
ლიბანში, მოძრაობა "ჰეზბოლამ“, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი "მრისხანების დღედ“ გამოაცხადა.
ასობით მომიტინგე შეიკრიბა ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან თეირანშიც.