რა არის ცნობილი ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის მოტივზე და ვინ იყო თავდამსხმელი?
ბრიუსელის ცენტრში, 16 ოქტომბერს, საღამოს, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელის პოლიციამ ეჭვმიტანილის პოვნა დღეს, 17 ოქტომბერს, დილით შეძლო და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა უცნობია, სავარაუდო თავდამსხმელი დაჭრილია, თუ მკვდარი.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი კაფეში იმყოფებოდა, როცა მას სამართალდამცველებმა ესროლეს.ბელგიელი პროკურორები სროლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ჯერ არ შეუძლიათ დადასტურება, იყო თუ არა ეს მამაკაცი ნამდვილად ის ადამიანი, რომელმაც წუხელ ბრიუსელში მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.
"შესაძლოა, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა", - აცხადებს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანელის ვერლინდენი. მისივე ცნობით, ამ ადამიანს აღმოაჩნდა ზუსტად ის იარაღი, რომლითაც თავდასხმა განხორციელდა. სავარაუდო მოტივად, ტერორიზმი სახელდება.
როგორ მოხდა თავდასხმა? შეიარაღებული პირი ბრიუსელის ცენტრში სკუტერით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, თან ყვიროდა: "ალაჰ აკბარ!". შედეგად, შვედეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა ადგილობრივი ტაქსის მძღოლი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფაქტის ამსახველი ვიდეოც, სადაც ჩანს ნარინჯისფერ ქურთუკში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც დიდი ზომის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისვრის. გავრცელებული ინფორმაციით, მან დანაშაულის ადგილი სკუტერითვე დატოვა.ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს მოხდა მატჩი შვედეთსა და ბელგიას შორის, ჰეისელის სტადიონზე იმართებოდა, რომელიც ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
თამაში შეაჩერეს და სტადიონზე შეკრებილ 35 000 გულშემატკივარს ადგილზე დარჩენა ურჩიეს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამნაშავე ტუნისელი მამაკაცია, რომელიც ბელგიაში არალეგალურად იმყოფებოდა.
"ყველაზე უკიდურესმა სისასტიკემ ორი ადამიანის სიცოცხლე ნაადრევად იმსხვერპლა. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ახლობლებსა და ნათესავებთანაა. მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო",- დასძინა დე კრუმ. იხილეთ სრულად