"ჩათვალეთ, რომ "ჰამასის" ყველა წევრი მკვდარია" - ისრაელი საგანგებო მთავრობას ქმნის: როგორია ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა?
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საგანგებო მთავრობას ქმნის. პარალელურად, ზეწოლა იზრდება დერეფნების შესაქმნელად, რათა ღაზას სექტორში მედიკამენტები დაუშვან და მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ტერიტორიის დატოვება შეძლონ. კონფლიქტის ხანგრძლივობის პერიოდში საგანგებოდ შექმნილ მთავრობას შეუერთდა ბენი განციც, ოპოზიციის წარმომადგენელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ბენი განცი და იოავ გალანტი, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, "ომის კაბინეტს" აყალიბებენ, მანამ, სანამ ისრაელის ჯარები ქვეყნის სამხრეთში მოსალოდნელი სახმელეთო შემოჭრისთვის ემზადებიან.
ოთხშაბათის სატელევიზიო მიმართვაში ნეთანიაჰუმ ის სისასტიკეები აღწერა, რომლებსაც შაბათ-კვირას ჰამასის თავდასხმის დროს ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, ისინი თავში ესროდნენ ბავშვებს, ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს, ქალებს აუპატიურებდნენ და ჯარისკაცებს თავებს ჰკვეთდნენ.
"ჩათვალეთ, რომ ჰამასის ყველა წევრი მკვდარია. ჩვენი ხელით გავანადგურებთ მათ",- განაცხადა პრემიერმა. ნეთანიაჰუს განცი დაეთანხმა და ისრაელის მოქალაქეებს უთხრა, რომ მათი საგანგებოდ შექმნილი მთავრობა ერთიანია და მზადაა, "ჰამასი დედამიწიდან აღგავოს".
ღაზაში კი სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება. ანკლავის ერთადერთ ელექტროსადგურს საწვავი ამოეწურა და მალე მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველა სერვისი, მათ შორის საავადმყოფოებიც ფუნქციონირებას შეწყვეტს.