აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო - რა ხდება ყარაბაღში?
"აზერბაიჯანმა ყარაბაღში, სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო", - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, ხორციელდება სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით.
"ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა“, - აცხადებენ უწყებაში.