"ოჯახის 10 წევრი დამეღუპა... ეს იყო სრული ქაოსი, ნამდვილი კატასტროფა, სიგიჟე" - რა ხდება მაროკოში, სადაც მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა?
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა, დაახლოებით იგივეა დაშავებულთა რაოდენობაც, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 1 400-ზე მეტ ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვს.
ყველაზე დიდი მსხვერპლი მარაკეშის სამხრეთით მდებარე პროვინციებში ფიქსირდება.
მიწისქვეშა ბიძგების შიშით, ათასობით ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ, ქუჩებში ათენებს.
"ეს საშინელება თავს ღამით დაგვატყდა. შიშისგან გარეთ გავცვივდით. ხალხი შოკში იყო. მხოლოდ ყვირილის და ბავშვების ტირილის ხმა გვესმოდა. ეს იყო სრული ქაოსი, ნამდვილი კატასტროფა, სიგიჟე“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი BBC-თან საუბრისას.
წუხელ, მაროკოს მეფემ მუჰამედ VI-მ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დროშები ყველა საჯარო შენობაზე დროშები დაშვებულია.
მაროკოს მეფემ ასევე გასცა განკარგულება, გადარჩენილები თავშესაფრებით, საკვებითა და სხვა საჭირო დახმარებით უზრუნველყონ. შეიარაღებულ ძალებს კი სამაშველო ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა დაავალა.
მონტასირ იტრი სოფელ ასნიში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ცხოვრობს. ის მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად მისი ახლობლები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ, მათ გადარჩენას კი ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს.
"ჩვენი მეზობლები ნანგრევების ქვეშ არიან. ხალხი ბევრს მუშაობს მათ გადასარჩენად სოფელში არსებული საშუალებების გამოყენებით“.
კიდევ ერთი გადარჩენილი აცხადებს, რომ ოჯახის 10 წევრი დაეღუპა - "ოჯახის მინიმუმ 10 წევრი მყავს დაღუპული... ამის დაჯერება ძალიან მიჭირს. სულ ცოტა ხნის მათთან ერთად ვიყავი.“
6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.