როგორ მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცი?
აშშ-ის მოქალაქე, ჩრდილოეთ კორეის საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. მამაკაცი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო სოფელში მდებარე ერთობლივი უსაფრთხოების ზონაში ტურზე იმყოფებოდა. ესაა ადგილი, რომელსაც ორივე მხარის შეიარაღებული ჯარისკაცები აკონტროლებენ.
"აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DPRK) სამხედრო სადემარკაციო ხაზი. ჩვენი რწმენით, ის ამჟამად კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება. ინციდენტის მოსაგვარებლად კორეის სახალხო არმიასთან გვაქვს კონტაქტი", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
დემილიტარიზებული, ბუფერული ზონა, რომელიც ორ კორეას ჰყოფს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამაგრებულ ტერიტორიად მიიჩნევა. ის სავსეა ნაღმებით, მავთულხლართებით და სათვალთვალო კამერებით. შეიარაღებული მესაზღვრეები კი, 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან.
ყოველწლიურად, ჩრდილოეთ კორეიდან ათობით ადამიანი გარბის, მაგრამ დემილიტარიზებული ზონის გავლით გაქცევა ძალზე საშიში და იშვიათია.
ვინ არის დაკავებული მოქალაქე
აშშ-ის არმიის სპიკერი ბრაის დიუბი ადასტურებს, რომ დაკავებული მოქალაქე მე-2 კლასის რიგითი ჯარისკაცი, 23 წლის ტრევის კინგია. როგორც ირკვევა, კინგი დისციპლინური მიზეზების გამო სამხრეთ კორეის ციხეში ორთვიან სასჯელს იხდიდა - სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap - ის ინფორმაციით, იგი კორეის მოქალაქეზე ფიზიკურ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი.
კინგი 10 ივლისს გაათავისუფლეს და აშშ-ში დაბრუნების მიზნით, ინჩეონის აეროპორტში წაიყვანეს. გაურკვეველია როგორ, მაგრამ მან საჰაერო ტერმინალიდან გასვლა მოახერხა და ტურისტულ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კორეის სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში მოგზაურობდა.
ვარაუდობენ, რომ მას დამატებითი სამხედრო დისციპლინური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება უნდოდა, რაც ტეხასში დაბრუნების შემდეგ ელოდა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი დაკავებული ჯარისკაცის დედამაც გააკეთა. მისი თქმით, ის "შოკირებულია“ და მხოლოდ ტრევისის სახლში დაბრუნება სურს.
"ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა ეს გააკეთა“, - ამბობს ტრევისის დედა. იხილეთ სრულად