163 ქვეყნიდან 94-ე ადგილი - საქართველოში მშვიდობა საშუალო დონეზეა | Allnews.Ge

163 ქვეყნიდან 94-ე ადგილი - საქართველოში მშვიდობა საშუალო დონეზეა

მშვიდობის გლობალური ინდექსით საქართველო ისევ საშუალო დონის სახელმწიფოების რიგშია და 163 ქვეყანას შორის 2.071 ქულით 94-ე ადგილს იკავებს. თუმცა ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყანა ერთი პოზიციით დაწინაურდა. ამის შესახებ საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ (Institute for Economics & Peace - IEP) მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მშვიდობის ინდექსის (Global Peace Index) მე-17 გამოცემაში არის ნათქვამი.

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთი პოზიციით უსწრებს აზერბაიჯანს, რომელიც 2.09 ქულით 95-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 15 პოზიციით დაწინაურდა. თუმცა ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება სომხეთს, რომელიც 1,929 ქულით 66-ე ადგილზეა (დაწინაურდა 3 პოზიციით).

რაც შეეხება თურქეთსა და რუსეთს, პირველი მშვიდობის ინდექსის დაბალ, მეორე კი უმდაბლესი დონის ქვეყნებს განეკუთვნება. თურქეთი 2.8 ქულით 147-ე, რუსეთი კი 3.142 ქულით 158-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 3 პოზიციით ჩამოქვეითდა, თურქეთმა კი, პირიქით, სიაში 5 ადგილით ზევით აიწია.

მასშტაბური ომის მდომარეობაში მყოფი უკრაინა რუსეთს მაინც უსწრებს, თუმცა მხოლოდ ერთი პოზიციით და 3.043 ქულით ქვეყანა 157-ე ადგილზეა. ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის გამო უკრაინა ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 14 პოზიციით ჩამოქვეითდა.

ზედიზედ რამდენიმე წელია, რაც Global Peace Index-ის ლიდერი ისლანდიაა. ქვეყანა შიდა და გარე კონფლიქტების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი დონით, ასევე, დაბალი ტერორისტული საფრთხითა და პატიმრების მეტად დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

რაც შეეხება Global Peace Index 2022-ის ტოპ 10-ეულს, ეს ქვეყნებია:

  • ისლანდია - 1.124 (უცვლელად)
  • დანია - 1.31 (დაწინაურდა 1 პოზიციით)
  • ირლანდია - 1.312 (ჩამოქვეითდა-1)
  • ახალი ზელანდია - 1.313 (დაწინაურდა-2)
  • ავსტრია - 1.316 (ჩამოქვეითდა-1)
  • სინგაპური - 1.332 (დაწინაურდა-4)
  • პორტუგალია - 1.333 (დაწინაურდა-1)
  • სლოვენია - 1.334 (ჩამოქვეითდა-4)
  • იაპონია - 1.336 (უცვლელად)
  • შვეიცარია - 1.339 (დაწინაურდა-1)

იხილეთ სრულად

myquiz