ვინ იყო 17 წლის მოზარდი, რომელიც საფრანგეთში პოლიციამ მოკლა და რა მოხდა საბედისწერო დღეს?
საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის შემდეგ პროტესტი არ წყდება. აქციები სხვადასხვა ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. არეულობაა პარიზში, მარსელში, ლიონში, ტულუზასა და ლილიში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე, 421 ადამიანია დაკავებული. ხელისუფლებამ სიტუაციის გასაკონტროლებლად 40 000 სამართალდამცავი გამოიყვანა.
როგორ მოკლა პოლიციელმა 17 წლის მოზარდი?არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი, რომელიც ავტომობილს მართავდა, არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას ავტომანქანის გაჩერების შესახებ. სამართალდამცველთა ვერსიით, პოლიციელმა ბიჭს ესროლა, რადგან მოზარდი საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახებას აპირებდა.
როგორც სააგენტო "ფრანს პრესი“ წერს, ეს ვერსია არ დასტურდება სათვალთავლო ვიდეოკამერების ჩანაწერებით. პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა, დაკავებულია.
მან ბოდიში მოუხადა მოკლული ბიჭის ოჯახს. "ის განადგურებულია, დილით იმისთვის არ დგებოდა, რომ ხალხი მოეკლა. პირველი სიტყვები რაც თქვა, იყო ბოდიში, ის ბოდიშს უხდის ოჯახს“, - ამბობს დაკავებული პოლიციელის ადვოკატი ლორენ ფრენკ ლინარი.
ვინ არის მოკლული მოზარდი და რას წერს მის შესახებ ფრანგული მედია?
ფრანგული მედიის ცნობით, 17 წლის ბიჭი, ნაჰელ მ, რომელიც საფრანგეთში პოლიციამ მოკლა, მარტოხელა დედის ერთადერთი შვილი იყო. მოზარდი ელექტტრიკოსობას სწავლობდა, თუმცა სწავლას თავი რამდენიმე კვირის წინ დაანება და კურიერად დაიწყო მუშაობა ადგილობრივ სწრაფი კვების მაღაზიაში. კურიერად ის მოტოციკლით მუშაობდა.
გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, ნაჰელი დედასთან ერთად, პარიზის გარეუბანში ცხოვრობდა. რადიო FranceInfo-ს ცნობით, ბიჭი ადრე დადიოდა სპეციალურ კურსზე, რომელიც განკუთვნილი იყო ქცევითი, ან საგანმანათლებლო პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის. გასული წლის აპრილში კი ის რაგბის გუნდში ჩაეწერა.
"ის იყო ბავშვი, რომელსაც სურდა წინსვლა, ინტეგრაცია საზოგადოებაში, როგორც სოციალურად, ასევე პროფესიონალურად. ის არ იყო ბავშვი, რომელიც სჩადიოდა დანაშაუებს, ან ცხოვრობდა ნარკომანიით“, - ასე ახასიათებს გარდაცვლილს ასოციაცია Ovale Citoyen-ის პრეზიდენტი, ჯეფ პუეჩი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, ახალაგაზრდებს დაეხმაროს თავის დამკვიდრებაში ადგილობრივ სპორტულ ბაზარზე.
მისივე თქმით, რაგბის კლუბში ვინც ნაჰელს იცნობდა, ყველამ იცოდა და ხედავდა, რომ ბიჭს დიდი პოტენციალი ჰქონდა. იხილეთ სრულად