როდის აშენდა და რა მოცულობის ენერგიას გამოიმუშავებდა რუსების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰესი? | Allnews.Ge

როდის აშენდა და რა მოცულობის ენერგიას გამოიმუშავებდა რუსების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰესი?

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის თანახმად, ჰიდროელექტროსადგური რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ ააფეთქა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ცნობით, კახოვკის ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე არსებობს. ამ დროისთვის ათზე მეტი დასახლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიტბორა. მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკულ ზონაში დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

„უკრჰიდროენერგოში” აცხადებენ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, რადგან სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია.

როდის აშენდა, რა მასშტაბისაა და რა მოცულობის ელენერგიას გამოიმუშავებს კახოვკის ჰესი?

ნეპოროჟნის სახელობის კახოვკის ჰესი ხერსონის ოლქის ქალაქ ახალი კახოვკიდან ("ნოვაია კახოვკადან") 5 კილომეტრში მდებარეობს. ის დნეპრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მეექვსე, ანუ ქვედა და ბოლო საფეხურს წარმოადგენს. ჰესი სამხრეთ უკრაინის რეგიონებისთვის ელექტროენერგიას, სარწყავ და წყალმომარაგებას, ხოლო ხერსონიდან ზაპოროჟიემდე ნავიგაციას უზრუნველყოფს.

ჰიდროკვანძის მშენებლობამ მდინარე დნიპროში წყლის დონე 16 მეტრამდე აწია, რის შედეგადაც 18,19 კმ³ მოცულობის კახოვკის წყალსაცავი ჩამოყალიბდა. სადგურის დადგენილი ჯამური სიმძლავრე 334,8 მეგავატია (6x55,8 მეგავატი), ხოლო წელიწადში, საშუალოდ, 1420 მლნ კვტ/სთ ელექტორენერგიას გამოიმუშავებს.

რაც შეეხება კახოვკის კომპლექსის პარამეტრებს, ჰიდროელექტროსადგურის სიგრძე 3850 მ, წყლის მაქსიმალური დაწნევა 16,5 მ, ხოლო წყლის მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 21400 მ³ წამში. წყალსაცავის საერთო მოცულობა 18,2 კმ³-ს შეადგენს. იხილეთ სრულად

myquiz