დაპირისპირება სერბეთსა და კოსოვოს შორის- შეტაკების შედეგად ნატო-ს 25-მდე სამშვიდობო ჯარისკაცი და 50-ზე მეტი სერბი დაშავდა
ნატო-ს 25-მდე სამშვიდობო ჯარისკაცი, რომლებიც ჩრდილოეთ კოსოვოში მერიის შენობებს იცავდა, სერბ მომიტინგეებთან შეტაკებისას დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან უნგრელი და იტალიელი ჯარისკაცები.
ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ (KFOR) მომხდარი ძალადობა დაგმო და სამშვიდობოებზე თავდასხმას "სრულად მიუღებელი" უწოდა.
„იტალიის და უნგრეთის KFOR-ის კონტინგენტის რამდენიმე ჯარისკაცზე გაუმართლებელი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ტრავმული ჭრილობები, მოტეხილობებით და დამწვრობები მიიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონიც გამოეხმაურა და მხარეებს დაძაბულობის განსამუხტად შესაბამისი ქმედებებისკენ მოუწოდა.
„ის, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელი და უპასუხისმგებლოა, ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დაიხიოს უკან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით,“ - ნათქვამია იტალიის პრემიერის განცხადებაში.
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, შეტაკების შედეგად დაშავებულია 52 სერბი, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.
ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკება გუშინ მოხდა. მედიის ცნობით, ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ (KFOR) სერბი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები ახალარჩეულ ალბანელ მერებს მუნიციპალურ შენობებში შესვლის საშუალება არ აძლევდნენ. სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, დემონსტრანტებმა მერიის წინ, პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, ძალოვნებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. თავის მხრივ, მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს.