Twitter-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს: რას წერს ილონ მასკი მასზე?
NBC Universal-ის სარეკლამო ხელმძღვანელმა, ლინდა იაკარინომ თანამდებობა დატოვა იმ მითქმა-მოთქმის ფონზე, რომ ის "ტვიტერის" დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. NBC-ში იაკარინო 12 წელი მუშაობდა. სამსახურიდან მისი წასვლის განცხადებას მალევე მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლინდა მილიარდერ ილონ მასკთან Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
"ტესლას" დირექტორმა ტვიტიც მიუძღვნა ლინდას დირექტორად დანიშვნას: "მოხარული ვარ "ტვიტერის" ახალ აღმასრულებელ დირექტორს, ლინდა იაკარინოს შევეგებო! ლინდა ფოკუსირებული იქნება ბიზნეს ოპერაციებზე, მე კი პროდუქტის დიზაინსა და ახალ ტექნოლოგიებზე. მოუთმენლად ველი ლინდასთან ერთად მუშაობის დაწყებას, რათა Twitter-ი პლატფორმა X-ად, ყველაფრისმომცველ აპლიკაციად გარდავქმნათ", - წერს მილიარდერი.
მართლაც, რამდენიმე დღით ადრე, მასკმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ მან ახალი ბოსი იპოვა, რომელიც მუშაობას 6 კვირაში დაიწყებდა და რომ ის ქალბატონი იყო. მან ახალი აღმასრულებელი დირექტორის ვინაობა გუშინ გაამჟღავნა.
მილიარდერმა ბიზნესმენმა სოციალური მედიის პლატფორმა შარშან 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. მას შემდეგ მასკს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის თავისი სხვა ბიზნესებისთვის ვეღარ იცლიდა და "ტვიტერის" დირექტორის თანამდებობაზე სხვა ადამიანის დანიშნვნა სურდა. მასკის გადაწყვეტილებით, ის პლატფორმაზე მხოლოდ აღმასრულებელი თავმჯდომარის და ტექნოლოგიის მთავარი ოფიცრის თანამდებობებზე დარჩება.