"ხერსონში პუტინის ორეული იმყოფებოდა- რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე?
ხერსონის ოლქში პუტინის ორეული იმყოფებოდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
“ჯერ ეგ ერთი, არანაირი პუტინი იქ არ იმყოფებოდა. ეს დანამდვილებით არის ცნობილი. იმისთვის, რომ ნამდვილ პუტინთან ისაუბროთ, მინიმუმ 10-15 დღე უნდა გაატაროთ კარანტინში. არანაირი პუტინი იქ არ იყო. ჩვეულებრივი ორეული იყო, რომლებიც არა ერთი ჰყავს - ესეც ასევე ცნობილია”, - განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, პუტინი "შეშინებული ადამიანია" და შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მას ასეთი ფორმით შეუძლია სადმე ჩასვლა.მან აღნიშნა, რომ უცხოელ სტუმრებს პუტინთან მაგიდასთან დიდ მანძილზე სვამენ, ხოლო მისი ვიზიტები "მთელი პროცედურაა", სადაც მოსამზადებელი პროცესი "2-3 კვირით ადრე” იწყება და “დიდი ხანია იქ არანაირი ექსპრომტი არ არის.”
"ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა ჩვენი პრეზიდენტისგან, რომელსაც ფრონტის ხაზზე ვიზიტი, უშუალოდ ჩვენ სამხედროებთან ყოფნა ნებისმიერ დროს შეუძლია. ესაა ჩვენი სხვაობა - სხვაობა ბუნკერის ბაბუა პუტინისგან, რომელსაც მალე საკუთარი თავისაც შეეშინდება", - განაცხადა დანილოვმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ხერსონში იმყოფებოდა და "დნეპრის" სამხედრო შტაბში სამხედრო მეთაურებისგან ანგარიშები მოისმინა.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე პუტინმა სამხედროებს მოსთხოვა, მოსაზრება გამოეთქვათ ხერსონისა და ზაპორიჟიეს მიმართულებით შექმნილი ვითარების შესახებ და ინფორმაცია გაეცვალათ.