"ეს პუტინის სრული იზოლაციაა..." - რა მნიშვნელობა აქვს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რამდენად რეალურია ახლა რუსეთის პრეზიდენტის დაჭერა?
დღეს, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე. ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო. დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ“.
მეორე პირზე დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ ჰააგის ტრიბუნალის საიტზე ვკითხულობთ:
"ქალბატონი მარია ალექსეის ასული ლვოვა-ბელოვა, დაბადებული 1984 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო. დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ“.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეგიდით ჩატარებულ გამოძიებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინის ბევრ რეგიონში მრავალი ომის დანაშაული და, სავარაუდოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. გამოძიებამ გამოავლინა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების მიმართ ჩადენილი დანაშაული: ბავშვების კიევის კონტროლის მიღმა ტერიტორიაზე გადაყვანა, ფილტრაციის სისტემის არსებობა და დაკავების არაადამიანური პირობები.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა:
"რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე არ არის და არ ეკისრება ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და საერთაშორისო სასამართლოსგან მომდინარე დაკავების შესაძლო „რეცეპტები“, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“, - თქვა ზახაროვამ.
ჰააგის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე AMBEBI.GE-ს უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ესაუბრა:
"სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ბუნებრივია, ომის მოცემულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების აღსრულება არარეალურია, თუმცა პოლიტიკურად ამას თავისი შედეგები აქვს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი საერთაშორისო დამნაშავედ ცხადდება, რაც გამორიცხავს მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ასევე, მის მონაწილეობას ნებისმიერ მსოფლიო ფორუმში.დამნაშავის სტატუსი ამყარებს დასავლეთის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს და მხოლოდ ამის შემდგომაა შესაძლებელი მოლაპარაკებები ომისშემდგომ არქიტექტურასა, თუ უკრაინის აღმშენებლობის საკითხებზე. იხილეთ სრულად