მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აუკრძალეს -პუტინისტი აღშფოთებულია: რას პასუხობს ის ფაშინიანს?
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის პროპაგანდისტებს, RT-ს მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს, კონსტანტინ ზატულინს და არამ გაბრელიანოვს, სომხეთის ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობის გამო, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ფაშინიანმა 14 მარტის პრესკონფერენციის დროს ამის შესახებ პირადად განაცხადა.
“ამ ხალხს 1% მაინც რომ გაეკეთებინათ იმისა, რაც სომხეთს გაუკეთეს, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, საკუთარ სახლებში ვიზების გარეშე ვერ დაბრუნდებოდნენ”, – ამბობს ფაშინიანი.
განცხადების შემდეგ სიმონიანმა ფაშინიანს "ტელეგრამზე" უპასუხა, მას სომეხი ხალხის მოღალატე, არარაობა უწოდა, რომელსაც სძულს რუსეთი და ატყუებს პუტინს.
"ის არის სომეხი ხალხის მოღალატე, მან გაყიდა და უღალატა ყველა სომხურ ინტერესებს, რომლებსაც შეეძლო ეღალატა და გაეყიდა და გაყიდის. მას სძულს რუსეთი და ატყუებს პუტინს. ამ სიტყვების გამო ამიკრძალეს სომხეთში შესვლა, რაზეც ჯერ კიდევ ზაფხულში ვლაპარაკობდი, მაგრამ არ გჯეროდათ, რომ სომეხი ჯიშის ქალს სომხეთში შესვლაზე უარი ეთქვა. ეს, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაწუხებს - სომხეთში წასვლას მაინც არ ვაპირებდი და ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ მივლინებით და მეორედ - ტიგრანთან ერთად, როდესაც მისი ნათესავის გასაცნობად ჩავედით... ფაშინიანის მმართველობის დროს მე სომხეთში არცერთ შემთხვევაში არ გავფრინდებოდი. მაგრამ უხერხულია ის ფორმულირება, რისთვისაც შესვლა ამიკრძალეს", - წერს პუტინისტი სიმონიანი.
სომხეთის ხელისუფლებამ, მარგარიტა სიმონიანს და რუსეთის პარლამენტის დეპუტატს, კონსტანტინ ზატულნს სომხეთში ჩასვლა 2022 წლის ოქტომბერშიც აუკრძალა იმ მიზეზით, რომ 2020 წლის ყარაბაღის ომში დამარცხებაში ზატულინი სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მარგარიტა სიმონიანმა კი იქამდე რუსეთში მცხოვრები სომხების სახელით ფაშინიანი დაადანაშაულა ანტირუსული პოზიციების გამო.