"ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს" - ევროპარლამენტარი
ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს, - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, ტეის როიტენი "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ევროდეპუტატის თქმით, საქართველო ევროპაა და რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ ხმის მიცემაა.
"რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის დღევანდელი მიღება საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის, დემოკრატიისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ხმის მიცემაა. საქართველო არის ევროპა. არა რუსულ კანონს!" - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ.