"უკვე ყველა ხვდება, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს" - ექსპერტი
24 თებერვალს ერთი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ჩავიდა უკრაინაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გასულ კვირას ასევე ვიხილეთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლა... ამ საკითხზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
მამუკა არეშიძე:
- პუტინს, ფაქტობრივად, ახალი არაფერი უთქვამს, თუ არ ჩავთვლით 2023 წლის 21 თებერვლის მიმართვაში გახმაურებულ ინიციატივას, შეაჩეროს რუსეთის მონაწილეობა 2010 წელს რუსეთისა და შეერთებული შტატების მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში, რაც მოსალოდნელი იყო. ეს ხელშეკრულება გულისხმობს ურთიერთკონტროლს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში რა კონტროლზე შეიძლება ლაპარაკი. ეს იყო ერთგვარი უსუსური გაგრძელება ბირთვული იარაღით შანტაჟისა, რაზეც, ჩემი აზრით, ბოლო ხანს პუტინს ხელი ჰქონდა აღებული.
კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - ჩემი აზრით, ამ გამოსვლისას გამოჩნდა ის განხეთქილება, რომელიც არსებობს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. თუ მიაქციეთ ყურადღება, პუტინმა დიდხანს ილაპარაკა ეკონომიკაზე და ბევრად ნაკლები სამხედრო თემაზე. საერთოდ არ უხსენებია ე.წ. კერძო არმიები, მეტიც, ამ ღონისძიებაზე არც კადიროვი და არც პრიგოჟინი არ დაუპატიჟებიათ.
ამ გამოსვლამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აპირებდა განცხადების გაკეთებას. ერთი ვერსიით, ის თითქოს ამ რეგიონების ანექსიას გამოაცხადებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემის წამოჭრას მართლაც გეგმავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ გაკვრით ითქვა, უნდა გავაძლიეროთ რუსეთის საზღვრების გასწვრივ ჩვენი კავშირებიო.
რაც შეეხება ომს, საკმაოდ რთული ვითარებაა. მოლაპარაკების დრო ჯერ არ დამდგარა, ომის აქტიური ფაზა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.
მეტად საინტერესო სურათი ყალიბდება - ბოლო კვლევების თანახმად, მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც დისტანცირებულია ამ ომისგან, მას შიდაევროპულ გარჩევად მიიჩნევს. იმავდროულად, მნიშვნელოვნად არის დაცემული რუსეთის იმიჯი. სამხრეთ ამერიკის თუ აზიის ქვეყნებში, მაგალითად, ინდოეთში, ჩინეთში თუ თურქეთში რუსეთს ზესახელმწიფოდ აღარ მიიჩნევენ... ევროკავშირი და შტატები აღიქმებიან გაცილებით დიდ მოთამაშეებად. ეს არის ის დიდი გარდატეხა, რაც ამ ომმა მოიტანა.
უკვე ყველა ხვდება, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. კრემლმა შეიძლება რაღაც პარიტეტს მიაღწიოს, ეს არის მაქსიმუმი, რაც ამ ვითარებიდან შეიძლება რუსეთმა მიიღოს. იხილეთ სრულად