...და შოლცი დათანხმდა - გერმანია უკრაინას ტანკებს გაუგზავნის, ასევე აპირებს თავისი წარმოების ტანკების ექსპორტის ნებართვა სხვა ქვეყნებსაც მისცეს
საკმაოდ რთული მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანიამ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები "Leopard 2" გადასცეს. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა.
გამოცემის თანახმად, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, უკრაინას მიაწოდებენ თანამედროვე "Leopard-2"-ის მოდიფიკაცია - "2A6" - ს. ლაპარაკია ტანკების მინიმუმ ერთი შენაერთზე, რაც ნატოს სტანდარტებით ტექნიკის 14 ერთეულს შეადგენს.
როგორც ირკვევა, გერმანია ასევე აპირებს თავისი წარმოების ტანკების ექსპორტის ნებართვა მისცეს, როგორც მწარმოებელმა, სხვა ქვეყნებს. უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდებას აპირებდნენ პოლონეთი, ნიდერლანდი და ესპანეთი, ასევე იტალია, დანია და ფინეთი.
გერმანული პრესის თანახმად, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გერმანიისგან იჯარით აღებულ 18 თანამედროვე საბრძოლო, Leopard-2-ის ტიპის ტანკს მიაწვდის უკრაინას. რუტეს თქმით, თუ უკეთესი იქნება პორტუგალიასთან და ფინეთთან ერთად ამის გაკეთება, ნიდერლანდი თანახმა იქნება.
აღინიშნება, რომ ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან იქნება მიწოდებული.
ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში შესაძლოა დამატებითი ტანკები იქნას გამზადებული გასაგზავნად იმ მარაგებიდან, რომლებიც გერმანულ მრეწველობას გააჩნია.
Spiegel-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოკავშირეებთან მრავალდღიანი კონსულტაციები, განსაკუთრებით აშშ-თან.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნავდა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას მხოლოდ სხვა ქვეყნებთან კოალიციაში განიხილავდა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატები მზად არის დაიწყოს პროცესი, რომელიც უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების გაგზავნას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ უკრაინაში 30-ზე მეტ ტანკს გაგზავნის, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება და რომ მან დაინახა ბევრი ძალისხმევა, სიტყვები და დაპირებები ტანკებთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა.
"ეს არ ეხება 5, 10, ან 15 ტანკს. საჭიროება უფრო დიდია. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში გვერდში გვიდგას. თუმცა, დისკუსიები გადაწყვეტილებებით უნდა დასრულდეს, ტერორისტების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის რეალური გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებებით. მოკავშირეებს აქვთ ტანკების საჭირო რაოდენობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.